[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაციის საბჭოს შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა საქართველოში, ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.

“აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე ვიმუშავეთ პროგრამაში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად. აგრეთვე, გავითვალისწინეთ რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრი და რჩევები. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.  მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. აბიტურიენტს ასევე მოეთხოვება მის მიერ უკვე შესრულებული გრაფიკული ნამუშევრების წარდგენა.“- განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი წანაწყენიშვილმა.

მისი თქმით, აქამდე პროგრამას ჰქონდა 4-წლიანი აკრედიტაცია და მალე ეყოლება კურსდამთავრებულებიც. „არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიმართ დიდია ინტერესი უცხოელი სტუდენტების მხრიდან, შესაბამისად პროგრამის სტუდენტთა ნახევარზე მეტი უცხოელია. ხოლო ქართველი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით ეუფლებიან პროფესიას ინგლისურ ენაზე, აქვთ შანსი ჩაერთონ და დასაქმდნენ საერთაშორისო საპროექტო ორგანიზაციებში,“- აღნიშნა გიორგი წანაწყენიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა 2018 წლიდან არსებობს.