Image Alt

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი ფაკულტეტია არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა და შესაბამისი განათლება, რომელიც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე და დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. ფაკულტეტზე ისწავლება შრომით ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები. ფაკულტეტის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას; პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სწავლის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების ფორმირებაზე. ინტერაქტიული სწავლების პროცესი მიმდინარეობს სემესტრული პროექტების, ანალიზისა და დისკუსიების თანხლებით. ფაკულტეტი გამოირჩევა პროექტების, მრგვალი მაგიდის დისკუსიებით ექსპერტებთან, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების, სემინარებისა და კონკურსების მრავალფეროვნებით, კომპანიების მიერ შემოთავაზებული კვლევების მომზადებით. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ჩართულია ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ჟურნალის მომზადებაში. ფაკულტეტი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

კარიერა და დასაქმება

ფაკულტეტი დაინტერესებულია სტუდენტობის პერიოდშივე დასაქმებაზე, ამ მიზნით სტუდენტებს დამამთავრებელ სემესტრში სავალდებულო საგნად აქვთ კომპანიაში სტაჟირების გავლა, რაც უზრუნველყოფს მათ შემდგომ დასაქმებას. გასულ წელს ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, მათი 74% კი დასაქმებულია მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად. სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი 100-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის დარგის წამყვან კომპანიებთან.

გაცვლითი პროგრამები

ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. თითოეულ სტუდენტს სწავლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით საშუალება ეძლევა ისწავლოს ევროპის, აზიის, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; გაეცნონ ახალ გარემოს და მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: bm@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (188)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო
ოთახი: N 311