სიახლეები

- 14/05/2025
გერმანელი და ქართველი პროფესორების საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც გერმანელი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ.
სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა, ირაკლი შამათავამ. მან საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უცხოელი და ქართველი პროფესორების ჩართულობით საჯარო ლექციები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის დეკანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ თინათინ ერქვანიას.
პროფესორმა ჰაიკო ჯონი მანიერომ, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წევრმა და გერმანიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებულმა ოფიცერმა, წარმოადგინა საჯარო ლექცია თემაზე: “DATA PROTECTION IN PRACTISE HACKING – SOCIAL ENGINEERING – IT SECURITY.”
საჯარო ლექციაზე უცხოელ პროფესორთან ერთად, მოხსენებებით წარდგნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი შავლეგ თოდუა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, DPT Consulting-ის მონაცემთა დაცვის ექსპერტი, თამარ შუდრა. შავლეგ თოდუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „მონაცემთა უსაფრთხოება, როგორც პრინციპი ქართულ კანონმდებლობაში და მისი პრაქტიკული ასპექტები“; თამარ შუდრას საჯარო ლექციის თემა კი გახლდათ – „პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების ღონისძიებები ორგანიზაციებისათვის (ზოგადი მიმოხილვა)“.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური პასუხები მიიღეს.