სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმიტირებული შემთხვევის...
კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოეწყო 
  • 10/06/2025

კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოეწყო 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით, კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

იმიტირებული პროცესის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს პროკურატურის პროკურორს, მოწვეულ ლექტორს, ირაკლი მინაშვილს. პრაქტიკული სამუშაოები კი განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტმა თამარ კაპანაძემ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობასთან. დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტმა გამოიყენა საგამოძიებო პროცედურებისთვის საჭირო რეალური ხელსაწყოები და ფხვნილები.

ექსპერტ-კრიმინალისტის ინსტრუქციითა და კრიმინალისტიკური ტექნიკების გამოყენებით, სტუდენტებმა სკოლის დეკანთან, პროფესორ ირაკლი შამათავასთან ერთად, განახორციელეს შემდეგი ქმედებები: შესაბამისი წესით შემოსაზღვრეს პერიმეტრი და დაიცვეს შემთხვევის ადგილი, განახორციელეს ფოტოგრაფირება და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების, მასრების მდებარეობისა და ფეხსაცმლის კვალის განლაგების მიხედვით განსაზღვრეს მკვლელობის შესაძლო ჩამდენი პირის გადაადგილების ტრაექტორია; ასევე, პირობითი მარკირება გაუკეთეს ამოსაღებ ნივთებსა და საგნებს, დაქტილოსკოპიური ფხვნილებისა და ხელსაწყოების გამოყენებით დაამუშავეს შესაბამისი ზედაპირები, გამოავლინეს ხელის კვალი, რომელიც მასშტაბური სახაზავის გამოყენებით დეტალურად დაასურათეს, შემდგომ კი ხელის კვალი დაქტილოსკოპიურ ფირებზე ამოიღეს.

იმიტირებული შემთხვევის ადგილიდან  სტერილური ჩხირების გამოყენებით, სტუდენტებმა ამოიღეს გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთვის საჭირო ანაწმენდები (მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; პისტოლეტისმაგვარი საგანი და დანა მოწითალო ფერის ლაქებით), მასშტაბური სახაზავით დაასურათეს ფეხსაცმლის კვალი და მასრები, პროცედურის დასასრულს კი სათანადო წესით დალუქეს ამოღებული ნივთები და საგნები და შეადგინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

მსგავსი იმიტირებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროცესები სისტემატურად მიმდინარეობს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი ბევრად ინტერაქტიული და შემოქმედებითი ხდება.