სიახლეები

- 05/09/2025
პირველკურსელების საინფორმაციო შეხვედრა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის, კომპიუტერული მეცნიერებისა არქიტექტურის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და მედიცინის სკოლების სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია თავიანთი პროგრამების შესახებ, გაიცნეს აკადემიური გარემო და ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელოდებათ.
მედიცინის სკოლის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ახალი რექტორი გია კავთელიშვილიც დაესწრო, რომელმაც პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და აღნიშნა, რომ IBSU-ს მესაკუთრის ცვლილება მიმართულია ბრენდის მდგრადობისა და განვითარებისკენ.
“IBSU, რომელიც პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში და გააჩნია 30-წლიანი გამოცდილება, აგრძელებს ფუნქციონირებას უწყვეტად, უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და კვლავინდებურად ორიენტირებულია მის სტუდენტებზე. შენარჩუნებული იქნება უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებები და მაღალი აკადემიური სტანდარტები. გაგრძელდება ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა, გაძლიერდება კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობები როგორც IBSU-ს სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის,”- განაცხადა რექტორმა.
მისი თქმით, ახალი ეტაპი IBSU-ს კიდევ უფრო ძლიერს და ინოვაციურს გახდის.
წელს IBSU-მ ერთიანი ეროვნული გამოცდებით 681 პირველკურსელი მიიღო.