სიახლეები

- 28/04/2025
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ELFA-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 23-25 აპრილს გაიმართა.
კონფერენციის თემა “ELFA-ს 30 წელი: იურიდიული განათლება ტრადიციებსა და თანამედროვეობაში“ წარმოდგენილი იყო პანელური დისკუსიებითა და მოხსენებებით, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა იურიდიული განათლების განვითარების ტენდენციები ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ასევე სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიების (ხელოვნური ინტელექტის) გავლენა იურიდიულ სწავლებაზე; ამასთან, იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ELFA-ს როლი აღნიშნულ პროცესში.
ირაკლი შამათავა შეხვდა უცხოელ კოლეგებს და სამართლის პროგრამის განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ახალი კავშირები დაამყარა როგორც ბულგარეთის, ისე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. ამ მიზნით, დეკანი იმყოფებოდა წმ. კლიმენტ ორჰიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობის სპეციფიკას, ასევე საბიბლიოთეკო და ადმინისტრაციულ რესურსებს. პროფესორს ჰქონდა სხვადასხვა შეხვედრები კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუზეუმებში.
ELFA-ს კონფერენციაზე გადაწყდა, რომ 2026 წლის 15-17 აპრილს, ელფას გენერალური ასამბლეა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ჩატარდება. ასევე, კონფერენციაზე არჩეულ იქნა ELFA-ს ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, განახლებული მმართველი საბჭო და მომავალი წლის ბიუჯეტი.
ინფორმაციისთვის, 2019 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლა გახდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი. ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) დაფუძნდა 1995 წელს ლევონში, ევროპის 80-ზე მეტი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ. დღეს ორგანიზაციას 150-ზე მეტი წევრი ჰყავს ევროპის ქვეყნებისა და მის ფარგლებს გარეთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ELFA-ს წევრები არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები: Universiteit Maastricht, Lund University, Université de Strasbourg, Freie Universität, Berlin Université de Luxembourg, University of Gothenburg, Nottingham Trent University, American University Washington.