სიახლეები
- 06/12/2024
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) მორიგი სრულფასოვანი ავტორიზაცია მიიღო. IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ IBSU გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც 29-წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო ბაზარზე.
IBSU სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერების, არქიტექტურის, საერთაშორისო ურთიერთობის, სამართალმცოდნეობის, საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის, ჟურნალისტიკის, ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს. წელს უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო ახლად აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის და ფსიქოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლიდან გეგმავს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას, მათ შორის გრაფიკული დიზაინისა (ინგლისურენოვანი) და არქიტექტურის საბაკალავრო (ქართულენოვანი) პროგრამების გახსნას.
საზოგადოებასთან ურთიერთობის (ქართულენოვანი) საბაკალავრო პროგრამამ უკვე გაიარა სრული აკრედიტაცია და სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის სექტემბერში მიიღებს.
IBSU ორიენტირებულია მოთხოვნად პროფესიებზე, რაც უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ, 93%-იან მაჩვენებელს. უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით, შიდა გრანტებით, სტუდენტური კლუბებით, ინტერნაციონალური გარემოთი და მდიდარი ბიბლიოთეკით.