სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ადუაშვილი | საერთაშორისო...
#ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ადუაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
  • 30/10/2024

#ჩემიუნივერსიტეტი: ნინო ადუაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი ნინო ადუაშვილი რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი

“სკოლიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რა პროგრამაზე უნდა მესწავლა. როცა დავიწყე გარკვევა, რომელ უნივერსიტეტს ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების საუკეთესო პროგრამა, უმეტესობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე მიმითითებდა. ყველაფერთან ერთად ვიცოდი, რომ ძალიან მეგობრული გარემო იყო. როცა რეგისტრაციაზე მოვედი, თავადვე დავრწმუნდი.

როგორც ყველა, მეც ვღელავდი, რამდენად კარგად შევძლებდი უცხო გარემოში ადაპტირებას, მაგრამ ყველაფერი თავისით დალაგდა. პროგრამა იმაზე საინტერესო და სტრუქტურულად გამართული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი.

ლექტორების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე ცალკე სტატია დაიწერება, პროფესიონალებთან მუშაობისა და მათგან სწავლის შესაძლებლობა მეძლევა ყოველ სემესტრში. ბევრ ლექტორთან კურსის დასრულების მიუხედავად ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, არიან ამ სიაში გამორჩეული ლექტორები, რომლებზეც წლების შემდეგ ისევ ვისაუბრებ, დარწმუნებული ვარ. ის ლექტორები, რომლებიც ახერხებენ, არ შექმნან სტრესული გარემო, შედეგზე იყვნენ ორიენტირებულნი და ყველაფერთან ერთად მეგობრული ენის გამონახვა შეძლონ სტუდენტებთან, არასდროს წაიშლებიან გონებიდან.

უშუალოდ საგნებზეც რომ ვფოკუსირდე რამდენიმე სიტყვით, პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებით საინტერესოა. პოლიტიკის მეცნიერებები, იდეოლოგიები, თეორიები, უშუალოდ საქართველოს პოლიტიკური სისტემა და ა.შ, ალბათ ის საგნებია, რომლებიც სტუდენტებზე დიდ კვალს ტოვებს, ამ საგნების შესწავლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს უბრალოდ პროცესებად არა, თეორიულ მოცემულობად აღიქვამ, რაც მოვლენის ფართოდ გაანალიზების საშუალებას გაძლევს, რაც ობიექტური დასკვნის წინაპირობაა.

ამ ყველაფრის ფონზე, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ IBSU-დან მიღებული ცოდნით ჩემს სიტყვას ვიტყვი ჩემივე პროფესიაში.”