სიახლეები
- 07/03/2019
IBSU Hosted charge d’Affaires
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდი ესწრებოდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ისინი დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მათი პარტნიორებიც არიან ჩართული.
„დღეს უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომლის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას ქალთა უფლებების თემაზე. ჩვენ დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ დღევანდელ ღონისძიებსთან დაკავშირებით გვეწვია ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს შესანიშნავი დღე“,- განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელიზაბედ რუდმაც, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთმანეთთან თანადგომით მალე აღმოიფხვრება ის მწვავე პრობლემები, რაც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით დგას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ამ დღეს. ეს არის დღესასწაული, როდესაც მეტად ფიქრობენ ქალების დაფასებაზე, ჩუქნიან ყვავილებს, ბარათებს, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქალებს კვლავ უწევთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას. თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ერთსულოვნებით მაგალითს ავიღებთ იმ ძლიერი ქალებისგან, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაში“, – აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.
როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2017 წელს გადაეცა Millenium Challenge- ის მიერ გენდერული თანასწორობის ჯილდო.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გამარჯვებული 2017 წელს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯილდოსი, რომელიც იყო ორგანიზებული „ათასწლეულის გამოწვევების ფონდი საქართველოს მიერ და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ. მონაწილეობას იღებდა 33 კომპანია საქართველოს მასშტაბით. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩა ტოპ სამ კომპანიას შორის, როგორც ერთ-ერთი ხელისშემწყობი ორგანიზაცია, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს ქალთა უფლებების დაცვას და სოციალიზაციას. ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ საგანმანათლებლო სფეროს ასევე გვაქვს ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ქალბატონებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს უთანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“, – განაცხადა ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა თამთა ცხოვრებაძემ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლექცია თემაზე „აშშ-ს ქალთა მოძრაობის დინამიკა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის პერსპექტივით”, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა დოქტრომა თამარ შიოშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამამთვარებელი კურსების სტუდენტებმა მედეა ნიკოლაიშვილმა და თათია ფარადაშვილმა.