სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია...
  • 11/11/2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია ცენტრი გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ბონდო მძინარიშვილი და ლიკა ბასილია-შავგულიზე, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამამ „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.