სიახლეები
- მთავარი
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- IBSU-ს პრორექტორი კვლევით დარგში CSS4D...
- 28/01/2025
IBSU-ს პრორექტორი კვლევით დარგში CSS4D პროექტის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდა
2025 წლის 23 იანვარს პროექტმა “კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)” მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და ჰიბრიდულ ფორმატში გამართული დახურვის ღონისძიებით დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აერთიანებდა პროექტის წევრებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, უცხოელ კონსულტანტებსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რათა განხილულიყო პროექტის მიღწევები და პროგრესი, ასევე გამოწვევები, რომლებიც მისი განხორციელების პროცესში წარმოიშვა.
CSS4D პროექტმა გარდამტეხი როლი ითამაშა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განვითარებაში.
პროექტში ჩართულები იყვნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები, რაც ხელს უწყობდა ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, აკადემიურ ინოვაციასა და სწავლა-სწავლების ახალი შესაძლებლობების განვითარებას. ღონისძიება პლატფორმად იქცა პროექტის ძირითადი მიღწევების წარსადგენად, მათ შორის განხილული იყო პროგრამის სასწავლო კურიკულუმის შემუშავება, სტაჟირების კონცეფციის, პარტნიორობის ფორმირებისა და საბოლოო შედეგების ყოვლისმომცველი შეფასება.
ღონისძიება გაიხსნა მოდერატორის, დოქტორ გვანცა სალუქვაძის, მისასალმებელი სიტყვით და შესავალი სიტყვებით, რომლებიც წარმოთქვეს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, მათ შორის:
- პროფ. დოქტ. იოსებ სალუქვაძე, პროექტის ხელმძღვანელი
- პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი კვლევით დარგში
- პროფ. დოქტ. ია იაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ემერიტუს პროფესორი, ტიმ ანვინი, ლონდონის სამეფო ჰოლოუეის უნივერსიტეტი
- ნაზი ფარსადანიშვილი, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) წარმომადგენელი
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი გუნდის წევრების პრეზენტაციები:
- დოქტორმა გვანცა სალუქვაძემ წარმოადგინა პროექტის მიმდინარეობის მიმოხილვა და ისაუბრა გამორჩეული ეტაპების და მიღებული გამოცდილების შესახებ;
- პროფ. დოქტ. თემურ გუგუშვილმა წარადგინა პროგრამის სასწავლო გეგმის დეტალური მიმოხილვა, რომელშიც გააცნო ინოვაციური სასწავლო მეთოდები და საკითხები, რომლებიც მიმართულია კომპიუტერული სოციალური მეცნიერებების მოთხოვნებსა და განვითარების კვლევებზე;
- ნათია კეკენაძემ, დოქტორანტმა მკვლევარმა, ისაუბრა პროგრამის სტაჟირების კომპონენტზე, ხაზგასმით აღნიშნა ინდუსტრიასა და აკადემიურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. დისკუსიაში ასევე ჩაერთო პროექტის მოწვეული ექსპერტი ბატონი გიორგი ჩიკვილაძე, რომელმაც სიღრმისეულად ახსნა სტაჟირების კონცეფციის ძირითადი ჩარჩო და წარმოადგინა პოტენციური პარტნიორების სია და სფეროები;
- პროფ. კაროლი ტაკაჩმა, ლინშოპინგის უნივერსიტეტის ანალიტიკური სოციოლოგიის ინსტიტუტის (IAS) დირექტორის მოადგილემ, წარადგინა CSS4D პროგრამის სიღრმისეული შეფასება. მან როგორც კონსორციუმის წევრმა უსაბრა პროექტის სრული მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნა შემუშავებული კურიკულუმის ძლიერი მხარეები, გაცვლილი ცოდნა და გამოცდილება შვედ და ქართველ კოლეგებს შორის და აგრეთვე ყურადღება გაამახვილა პროექტის მდგრადობაზე.
დახურვის ღონისძიებას მოჰყვა სემინარი, რომელსაც წარუძღვა ემერიტუს პროფესორი ტიმ ანვინი, ლონდონის სამეფო ჰოლოუეის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტიდან. პროფესორმა ანვინმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ეთიკა, მონაცემები და ციფრული ტექნოლოგიები,“ სადაც ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების მზარდი როლის შედეგად წარმოქმნილ ეთიკურ გამოწვევებზე. მისი ანალიზი შეეხო ციფრული ინოვაციის გავლენას გლობალურ უთანასწორობაზე და წარმოადგინა კრიტიკული იდეები, თუ როგორ შეიძლება მსგავსი გამოწვევების გადაჭრა სამართლიანი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნულ სემინარზე დასწრება თავისუფალი იყო და მას შემოუერთდა სხვადასხვა უნივერსიტეტის, ინსტიტუტისა თუ ორგანიზაციის მკვლევარი და დაინტერესებული საზოგადოება.
ეს ღონისძიება აგრეთვე იქცა სამომავლო პროექტის ახალი ეტაპის საფუძვლად კომპიუტერული სოციალური მეცნიერებების სფეროში შემდგომი თანამშრომლობისა და ინოვაციებისათვის.