ნატა ტოლიაშვილი ბიზნესის სკოლის სტუდენტი ნიუტონის უნივერსიტეტის Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობს

მე ვარ ნატა ტოლიაშვილი, ბიზნესის სკოლის, მარკეტინგის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წყალობით, წილად მერგო ვიყო ულამაზესი თავგადასავლის ნაწილი ქალაქ პრაღაში, სადაც განათლება ერწყმის ისტორიას და სადაც ყველაფერი დროში მოგზაურობას ემსგავსება.

#IBSU-მ მომცა შესაძლებლობა მიმეღო განათლება ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერისტეტში, NEWTON University, და ამეხდინა ბავშვობის ნატვრა, გამეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ყოველმხრივ გვერდით მედგა ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა და სწრაფად გადაწყვეტაში. მათი დამსახურებით ახლა უაღრესად კვალიფიციური პერსონალითა და პროფესორებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას, ჩემი თავის ძიებასა და დამკვიდრებას.

#Erasmus+ პროგრამამ დამაახლოვა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები. ვთვლი, რომ მათთან ერთად მიღებული გამოცდილება შეუფასებელია. მარკეტინგი, არის ისეთი მიმართულება, სადაც საჭიროა სამყაროს ძვირფესვიანად შეცნობა, სხვადასხვა კულტურისა და მსოფლთხედვის სწავლა და გაზიარება და პროფესიული კავშირების დამყარება.

თითოეულ სტუდენტს ვურჩევ,  რომ ხელიდან არ გაუშვან Erasmus-ის  ასეთი უნიკალური შესაძლებლობა ფასდაუდებელი ცოდნის, უნარებისა და დაუვიწყარი მოგონებების შესაძენად. ვინ იცის, იქნებ შენც შეიძლება გახდე ამ საოცარი ზღაპრის მონაწილე, სადაც თავი ყველაზე გაბედულ და შეუჩერებელ პერსონაჟად შეგიძლია იგრძნო?!