სიახლეები

- 25/06/2025
საბაკალავრო ნაშრომების და აკადემიური წერის სტანდარტები სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საბაკალავრო ნაშრომების შესრულების და გაფორმების სტანდარტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრორექტორი კვლევით დარგში, აფილირებული ასოცირებული პროფესორი თეა კბილცეცხლაშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგია, ნაშრომებში დაშვებული ხარვეზები, ასევე ნაშრომის აკადემიურად გაფორმების, კვლევის ეთიკის, ციტირებისა და პერიფრაზირების სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ თითოეული საბაკალავრო ნაშრომი აიტვირთა ანტიპლაგიატის პროგრამა TURNITIN-ში, რომლის დასკვნები (რეპორტი) ინდივიდუალურად გაეგზავნა სტუდენტებს, რათა ნაშრომების ოფიციალურ დაცვამდე მოახდინონ მსგავსების კოეფიციენტების შესაბამისობა.
მსგავსი შეხვედრები სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში ინტენსიურად იმართება და მისი მიზანია სტუდენტებს განუვითაროს ეფექტური აკადემიური კომუნიკაციის უნარი, რაშიც იგულისხმება აკადემიური წერის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარები. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება კვლევისა და წერის პროცესის ეფექტურად მართვის შესახებ, რაც მათ აკადემიური მიზნების მიღწევაში უფრო მეტად დაეხმარება.