სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #IBSUკურსდამთავრებული: ლუკა რაქვიაშვილი | კომპიუტერული...
#IBSUკურსდამთავრებული: ლუკა რაქვიაშვილი | კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა
  • 16/07/2025

#IBSUკურსდამთავრებული: ლუკა რაქვიაშვილი | კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა რაქვიაშვილი, რომელიც პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერება – ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის.

“კარლის უნივერსიტეტი დაარსდა 1348 წელს საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ის მმართველობის დროს. ჩემთვის დიდი პატივია განათლება ასეთი ისტორიული დატვირთვის მქონე უნივერსიტეტში მივიღო, სადაც ასწავლიდა ალბერტ აინშტაინი და სწავლობდა ფრანც კაფკა. ამაზე ვერც ვიოცნებებდი, რომ არა ჩეხეთის მთავრობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პრაღაში სწავლა და ცხოვრება სრულად დამიფინანსდება.

რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ჩასართავად საჭირო იყო უამრავი საფეხურის გავლა, დოკუმენტების მოგროვება, გასაუბრებები და აპლიკაციის შევსება ჯერ პროგრამის ორგანიზატორების, შემდეგ კი თვითონ კარლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ. აღსანიშნავია ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და პროფესორ-ლექტორების წვლილიც, რომლებიც ამ პროცესში გვერდით მედგნენ.

მინდა გამოვყო IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტორის სკოლის ადმინისტრაციის როლი, რომელიც დამეხმარა სწორ აქცენტებზე ყურადღების გამახვილებასა და აპლიკაციის შექმნაში.

მოუთმენლად ველი სემესტრის დაწყებას. ეს შესაძლებლობა რამდენადაც სასიხარულოა, იმდენადვე საპასუხისმგებლოა. წინ დატვირთული და ბევრის მომცემი ორი წელია. უამრავი დავალება, ტესტი, გამოცდა, ახალი თუ ძველი თემის დამუშავება და კვლევა, მაგრამ მჯერა, რომ ეს ორი წელი დამეხმარება როგორც პიროვნულ განვითარებაში, ასევე პროფესიულ სფეროში ადგილის დამკვიდრებაში.”