განცხადებები

  1. Home
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. MIT-ის აქსელერაციის პროგრამა ამერიკაში
12/09/2025

MIT-ის აქსელერაციის პროგრამა ამერიკაში

IBSU-ს სტუდენტები MIT-ის StartMIT-ის პროგრამაში სრული დაფინანსებით მიიღებენ მონაწილეობას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს StartMIT -ის აქსელერაციის ინტენსიურ 3-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი. შემდეგ ეტაპებზე ჩატარდება გასაუბრება და შეირჩევა გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობის განაცხადი და სამოტივაციო წერილი, გთხოვთ, შეავსოთ 17 სექტემბრის ჩათვლით (დედლაინი შეზღუდულია სავიზო პროცედურების გამო).

გასაუბრება ჩატარდება განაცხადისა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად შერჩეულ აპლიკანტებთან.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) ინიციატივით შექმნილია ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელი (Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network), რომლის მიზანია გლობალური მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების გაძლიერება და ეკოსისტემის გაუმჯობესება.

სასიხარულოა, რომ ქსელის დამფუძნებელ მსოფლიოს ხუთი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, IBSU-ს სტუდენტებს ექნებათ შეუზღუდავი სრული წვდომა MIT-ის Orbit პლატფორმაზე, რომელიც MIT-ის პროგრამით გათვალისწინებული და კლასგარეშე აქტივობების შესახებ შექმნილი ინოვაციური ციფრული პროდუქტია. Orbit შეიცავს მძლავრ GenAI(ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტს, რომელიც მკვეთრად ზრდის სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილებას სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის. Orbit პლატფორმა სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი GenAI განათლების ინსტრუმენტებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სულ მალე IBSU-ს ეყოლება MIT-ში გადამზადებული 11 ლექტორი, რომლებიც ამავდროულად ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულად წარმატებული მეწარმეები და მენტორები არიან.  ისინი დანერგავენ სამეწარმეო განათლებას IBSU-ში MIT სტანდარტების შესაბამისად.

მალე IBSU სწავლების ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამაში დაამატებს სამდონიან სასერტიფიკატო კურსებს. სამდონიანი სწავლება მოიცავს შესაძლებლობას სტარტაპის იდეის გენერირებიდან პროდუქტის რეალიზაციამდე. IBSU-ს მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამუშაონ სტარტაპ პროექტები, ჰყავდეთ მენტორებად გამოცდილი და წარმატებული ქართველი და უცხოელი მეწარმეები, მიიღონ წვდომა გრანტებზე და ე.წ. ენჯელ ინვესტორებზე.

MIT 1861 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ხარისხიანი განათლების, კვლევისა და ინოვაციის გზით მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციოს. მისი კურსდამთავრებულები ფუნდამენტური ტექნოლოგიების გამომგონებლები, ახალი ინდუსტრიების შემქმნელები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები არიან, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები. ასევე, QS World University Ranking-ში, 2025 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით. ის არის მსოფლიოს ლიდერი წარმატებული ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით. შეგახსენებთ, რომ MIT უნივერსიტეტების რეიტინგში უსწრებს ისეთ უმაღლეს სასწავლებლებს როგორიცაა ჰარვარდის, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები.