
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები – საბა ელიბაშვილი და საბა გულბათაშვილი, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში Erasmus+ პროგრამით სწავლობს, JACAFA Scholarship-ის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულად დასახელდნენ.
საბა ელიბაშვილი დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალს ბაქოში დაესწრო, სადაც მონაწილეებს კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
საბა ელიბაშვილი ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი და 2025 წლის სტიპენდიანტია.
“ვიყავი JACAFA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ბაქოში, სადაც სტიპენდიანტებს გვქონდა შანსი შევხვედროდით ახალ ადამიანებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, გაგვეზიარებინა საკუთარი სტუდენტური თუ ცხოვრებისეული გამოცდილება და შეგვექმნა კავშირები”.
დემეტრე ნადირაძეს, როგორც გასული წლის სტიპენდიანტს, შესაძლებლობა ჰქონდა წელსაც დასწრებოდა ბაქოში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებს.
“JACAFA-ს სტიპენდია 2024 წელს ავიღე. სხვა სტიპენდიის პროგრამებისგან განსხვავებით, JACAFA არ წარმოადგენს მხოლოდ ფინანსური დახმარების სერვისს – ეს არის შესაძლებლობა შეუერთდე ცენტრალური აზიის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდების ჯგუფს. პროგრამის მეშვეობით გავიცანი ჩემს ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიების თანამშრომლები და ჩავერთე მნიშვნელოვან კულტურათაშორის დიალოგში. ყოველთვის დადებითად მახსენდება JACAFA-ს ღონისძიებებზე შექმნილი მოგონებები და ყველა სტუდენტს ვუწევ პროგრამაში მონაწილეობის რეკომენდაციას”.
JACAFA Scholarship წარმოადგენს ორწლიან საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას, რომელსაც ახორციელებს JACAFA (Japan Central Asia Friendship Association) და აფინანსებს Nippon Foundation. პროგრამა აერთიანებს რეგიონში ყველაზე წარმატებულ, აქტიურ და მოტივირებულ სტუდენტებს. ეს არის უნიკალური პლატფორმა ცენტრალური აზიის ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რათა განვითარდნენ მომავალ ლიდერებად, დაამყარონ გლობალური კავშირები და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო პროექტებსა და კულტურულ დიალოგში.