
საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური პროგრამის სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა, 8 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მილანის ევროპის დიზაინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, სტეფანო ერკოლანოს უმასპინძლეს.
ვიზიტი ამერიკისმცოდნეობის პროგრამის აკადემიურ შინაარსს უკავშირდებოდა. პროგრამის ფარგლებში ისწავლება სასწავლო კურსი „სახვითი ხელოვნება და ვებ დიზაინი“, რომელსაც პროგრამის კურსდამთავრებული და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალი, დოქტორი ნინო ზაალიშვილი უძღვება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ამერიკაში იტალიური ეთნიკური ჯგუფის მიღწევების ისტორიას და დინამიკას დიზაინის მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი გოდერძი ბუჩაშვილი და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა კბილცეცხლაშვილი. მათ სტუმარს გააცნეს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და მილანის ევროპის დიზაინის უნივერსიტეტთან სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის, რადგან მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათი და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.