ძვირფასო სტუდენტებო,
გილოცავთ ახალი აკადემიური წლის დაწყებას! გაცნობებთ, რომ მიმდინარე სემესტრიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით – emis.ibsu.edu.ge
გვესმის, რომ ბოლო წლების მანძილზე მრავალი ელექტრონული სისტემა გამოიცვალა, რაც დისკომფორტის გამომწვევია თქვენთვის, თუმცა ახალი სისტემა, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, საგრძნობლად ამარტივებს პროცესებს სტუდენტებისთვის, აუმჯობესებს ადმინისტრირებასა და ხარისხის მართვას.
IBSU-ს სტუდენტების ნაწილი უკვე გაეცნო ახალ სისტემას. მათი თვალით დანახული ბაზის უპირატესობები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.
ასევე, ცხრილი, რომელიც შედგა ზაფხულში და ახალ ადმინისტრაციას დახვდა, მოიცავდა 60 სტუდენტიან სასემინარო ჯგუფებს. სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემცირდა თითოეულ სასემინარო ჯგუფში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა 60-დან 30 სტუდენტამდე, შესაბამისად, დაემატა ახალი ჯგუფები და განახლდა ცხრილი, რამაც გამოიწვია ახალი აკადემიური რეგისტრაციის საჭიროება. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც აქამდე, ძველ სისტემაში უკვე გაიარეთ რეგისტრაცია, გთხოვთ, გაეცნოთ ახალ ცხრილს და თავიდან დარეგისტრირდეთ. გადახდილი სწავლის საფასური სრულად აისახება ახალი სისტემის ფინანსურ მოდულში.
სტუდენტებს, ვისაც აქამდე რეგისტრაცია არ დაუსრულებიათ, შესაძლებლობა ექნებათ პლატფორმაზე შესვლის შემდეგ ნახონ თანხა, რომელიც უნდა გადაიხადონ ახალ ბაზაში საგნებისა და განრიგის არჩევამდე. გადახდას შეძლებთ მობაილ ბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატებით, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი, სტუდენტური ნომრის ნაცვლად.
მიმდინარე დღეების განმავლობაში მიიღებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემებს (მომხმარებლის სახელი და პაროლი)
- ამ სემესტრში განსაზღვრული სასწავლო კურსების, ლექტორების, ლექციებისა და სემინარების განრიგის შესახებ რაც დაგეხმარებათ რეგისტრაციის დაწყებამდე დაგეგმოთ თქვენი სასწავლო ცხრილი და სათანადოდ მოემზადოთ აკადემიური რეგისტრაციისთვის.
- ონლაინ შეხვედრის შესახებ, სადაც გექნებათ შესაძლებლობა დასვათ ყველა თქვენთვის საინტერესო შეკითხვა სასწავლო პროცესების მართვის ახალ ელექტრონულ სისტემაზე (Zoom-ის ბმულს მიიღებთ SMS-ით და ელექტრონული ფოსტით).
- ვიდეო და ფოტო ინსტრუქცია ბაზაში ნავიგაციის გასამარტივებლად.
აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 24 სექტემბერს, 15:00 საათზე და გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო კურსებისა და განრიგის შეცვლა შეგიძლიათ 12 ოქტომბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!