აშშ-ს საელჩოს სრული მხარდაჭერა IBSU-ს
31.08.2016ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კორტნი ოსტრინი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-ს საელჩოსა და IBSU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. აშშ-ს საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის IBSU-ს ამერიკანისტიკის პროგრამის დაარსებასა და განვითარებაში. საელჩოს მხარდაჭერით ხშირად ხორციელდება სტუმრების მოწვევა, სემინარების და ლექციების ორგანიზება ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით. აშშ-ს საელჩოს ინიციატივით უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის ცენტრს ყოველწლიურად გადაეცემა სხვადასხვა სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება ამერიკანისტიკის მიმართულების საერთაშორისო კონფერენციები, სადაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას აშშ-ს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები. ამერიკანისტიკის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტაჟირებას გადიან და საქმდებიან აშშ-ს საელჩოში.
საუბრისას, აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტს მომავალი პროექტების განხორციელებაში. უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის.