ირაკლი შამათავა IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა
22.03.2024ირაკლი შამათავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა.
ირაკლი შამათავა არის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, რომელმაც 2022 წელს კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. ირაკლი შამათავა ასევე არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, ასევე საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის“ საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. სხვადასხვა პერიოდში 50-ზე მეტი სასერტიფიკატო კურსი გაიარა და არის ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
ირაკლი შამათავას მიღებული აქვს გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2016 წელს მას მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2020 წელს პრემია „მანდარინები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის, ხოლო 2022 წელს გახდა ნობელიანტ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი.
ირაკლი შამათავა თბილისის წიგნის XXII და XXIII ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე და მოდერატორია. 2023 წელს, მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის (Writer’s House Exchange Program; Residencia Literaria 1863, A Coruna, Spain) ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, ლა-კორუნიაში), სადაც იმუშავა ავტობიოგრაფიულ წიგნზე. მისი მოთხრობები თარგმნილია აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ირაკლი შამათავა არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.