განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-5 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია
03.04.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-5 ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომლის თემატიკაც მრავალფეროვანია – ინგლისური ენა, ინგლისური ენის სწავლება, ანგლო-ამერიკული ლიტერატურა და ენათმეცნიერება, ამერიკათმცოდნეობა, განათლება, განათლების ადმინისტრირება და ა.შ.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს ფაკულტეტზე არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა – ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამები, ინგლისური ფილოლოგიის, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის, ზოგადი განათლების ადმინისტრირებისა და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები. წელს კონფერენციას პირველად დაემატა ქართული სექცია, რამაც ზოგადი განათლების ადმინისტრირების (ქართულენოვანი) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომები. ტრადიციულად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებები ეხებოდა შესაბამისი დარგის აქტუალურ და საინტერესო საკითხებს და აკმაყოფილებდა აკადემიურ სტანდარტებს. პირველი, მეორე და მესამე ხარისხის პრიზების მფლობელებიც გამოვლინდნენ. კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო მადლობის სერტიფიკატი ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ხსენებული კონფერენცია სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება, გაიფართოონ თვალსაწიერი, გაიღრმაონ ცოდნა შესაბამის დარგში.