შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსთვის დიდი პატივია ბატონ შტრასეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება’’ – განაცხადა რექტორმა.
დაჯილდოვების შემდეგ ბატონმა შტრასემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის მმართველ საბჭოს სასიამოვნო სიურპრიზისთვის და განაცხადა, რომ აქტიური თანამშრომლობა IBSU-სთან მომავალშიც გაგრძელდება. სტუმარმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე. რომან შტრასემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უნივერსიტეტის სტუდენტები, შესაძლებლობების ფარგლებში, თავიანთ წვლილს შეიტანენ.
ბატონი შტრასე საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის ხანგრძლივი მეგობარი და მხარდამჭერია, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრების ჯგუფის ჩამოყალიბებაში 2017 წლის ოქტომბერში და მისი პირველი გენერალური მდივანი გახდა. იგი 40 წელზე მეტია ევროპულ პოლიტიკაში მოღვაწეობს და შთამბეჭდავი კარიერა აქვს.