სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს გაცვლითი პროგრამა მერი წერუაშვილი
  • 04/12/2019

IBSU-ს გაცვლითი პროგრამა მერი წერუაშვილი

საზღვარგარეთ, მულტიკულტურულ გარემოში სწავლის სურვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა. აბიტურიენტობის პერიოდში #იბსუ -ზე არჩევანი სწორედ ამ მიზნით გავაკეთე, რადგან გავიაზრე ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც იბსუ მომცემდა მის პირველ პრიორიტეტად დაყენების შემთხვევაში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მესამე კურსის პირველ სემესტრში გადავწყვიტე. აპლიკაციის განხილვისა და გასაუბრების შედეგად, გადაწყდა, რომ მესამე კურსის მეორე სემესტრს ლიეტუვის, კერძოდ კი შაულაის უნივერსიტეტში გავატარებდი. უნივერსიტეტი ყოველწლიურად სტუმრობს უამრავ გაცვლით სტუდენტს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, სტუდენტები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ევროპიდან, ასევე აზიური თუ აფრიკული ქვეყნებიდან. საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან გამოვყოფდი სასწავლო გარემოს, რომელიც ნაწილობრივ განსხვავდებოდა იბსუს სასწავლო გარემოსგან. იყო ერთი საგანი, რომლის ფარგლებშიც არა თუ ლექციები, არამედ კონსულტაციები გვიტარდებოდა და ამ კონსულტაციების საფუძველზე მოგვიწია სემესტრის განმავლობაში რამდენიმე აკადემიური ნაშრომის დაწერა. მიუხედავად ამისა, იყო საგნებიც, რომლებშიც ყოველ კვირა გვიწევდა პრეზენტაციების წარგდენა თუ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ლექტორს ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდა სტუდენტებთან მუშაობის კუთხით. საუნივერსიტეტო ცხოვრება რომ მოკლედ შევაჯამო, ძალიან მომწონდა ის ანალიტიკური ლექციები, რომელიც ევროპული სისტემის განუყოფელი ნაწილია. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაშიც, რომელიც სექციაში პირველი ადგილის მოპოვებით დაგვირგვინდა. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც ლიეტუვაში გატარებულმა დრომ შემძინა არის უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ის თავგადასვლები, რაც მათთან ერთად გადამხდა. ამ დროის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა მემოგზაურა ევროპის 9 ქვეყანასა და 15 ქალაქში და გავცნობოდი არამარტო ლიეტუვის, არამედ სხვა ქვეყნების კულტურასა თუ სოციალურ ყოფას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. თუ სტუდენტს აქვს სურვილი იცხოვროს მულტიკულტუტრულ გარემოში, განივითაროს სხვადასხვა უნარები და შეიძინოს უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშინ ეს ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება.