სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს მედიცინის სკოლის პროფესორი ზვიად...
IBSU-ს მედიცინის სკოლის პროფესორი ზვიად კირტავა ქცევითი დამოკიდებულების მე-10 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
  • 15/07/2025

IBSU-ს მედიცინის სკოლის პროფესორი ზვიად კირტავა ქცევითი დამოკიდებულების მე-10 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა საფრანგეთის ქალაქ ნანტში გამართულ ქცევითი დამოკიდებულების მე-10 საერთაშორისო კონფერენციას (ICBA-2025) დაესწრო.

კონფერენცია, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მიზნად ისახავდა ციფრული ეპოქის ისეთი გამოწვევების დიაგნოსტირებას, პრევენციასა და მკურნალობას, როგორიცაა ინტერნეტისა და სოციალური მედიის პრობლემური გამოყენება – ინტერნეტ-დამოკიდებულება, ონლაინ აზარტული თამაშები, ონლაინ გეიმინგი, შოპინგ-დამოკიდებულება, სმარტფონებზე დამოკიდებულება, კიბერბულინგი და სხვ.

კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს, თუ როგორ უშლის ხელს ციფრული ტექნოლოგიების ჭარბი გამოყენება და გაჯეტებზე დამოკიდებულება სწავლას, კარიერულ წინსვლას, კეთილდღეობას და, რაც მთავარია, ემოციურ ინტელექტსა და ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, თუ როგორ შეუძლია ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიებისა და მედიის თანამშრომლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ფსიქოლოგიური მდგრადობის აღდგენისა და ნამდვილი ადამიანური კავშირის ხელახლა აღმოჩენის მეშვეობით,  თუ – სწორი და დროული ფარმაკოლოგიური მკურნალობით.

პროფესორმა ზვიად კირტავამ კონფერენციაზე წარადგინა პირველი ქართული პილოტური კვლევა ინტერნეტის პრობლემური გამოყენებისა და მისი სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტებში (ანა დეკანოსიძესთან, მელანია ჩარგაზიასთან და გიორგი მახარაშვილთან თანაავტორობით), რომელიც ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ავტორები მიზნად ისახავენ აღნიშნული კვლევის გაფართოებას მოზარდებისა და ახალგაზრდების დამატებითი ჯგუფების შესწავლით, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მეტი უნივერსიტეტისა და კოლეჯის ჩართულობასაც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგრანტო დაფინანსების მოზიდვით.