IBSU-ს რექტორმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
08.08.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი შეუერთდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მოწვევას და განათლების მიმართულების პრორექტორთან, თამთა ცხოვრებაძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
აგვისტოს ომის დროს, IBSU-ს სამეთვალყურეო საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მესუთ ბოზქირმა შვებულება შეწყვიტა, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და კონფლიქტის ზონიდან ათეულობით დევნილს თვეების განმავლობაში უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებას. 2008 წელს IBSU-მ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ნაწილი შეიფარა. ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აორგანიზებდა და ანაწილებდა პირველადი მოხმარების ნივთებს.
ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2,232 შეადგინა. ომის შედეგად საცხოვრისი იძულებით შეიცვალა დაახლოებით 192,000-მა ადამიანმა. მათგან 30,000-მდე ამ დრომდე დევნილობაში რჩება.