[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა

20.01.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ფუნქციონირებს ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი. „ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში გვაქვს ასეთი გამორჩეული პროგრამა და გვყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი. ცენტრის გახსნით ჩვენ ვეხმიანებით აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.“- განაცხადა რექტორმა.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები იმუშავებენ საკვლევ თემებზე, იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.

2004 წელს თამარ შიოშვილი  გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში გაიხსნა საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც.