მარიამ გულბიანი- საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ერასმუსის პრექტების შესახებ ინფორმაცია IBSU-ს სტუდენტებისგან გავიგე, ჩემი კურსელებისგან, მათი შთაბეჭდილებების შემდეგ დავინტერესდი და რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, სოციალურ ქსელში ვიპოვე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“, რომელიც ეძებდა მოხალისეებს ლატვიის ახალგაზრდულ ცენტრში დასაქმებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ ვიყავი ძალიან დაინტერესებული და მოტივირებული, თან მეტი გამოცდილება და სიახლე მჭირდებოდა, გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა.
ლატვიაში ჩასვლის შემდეგ დაიწყო დაუვიწყარი დღეები, თავგადასავლები და უამრავი ახალი გამოცდილების დაგროვება, რომელიც კვლავ მიბიძგებს ჩავერთო მეტ გაცვლით პროექტში.
რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, იგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ჩართული ვიყავით 12 წარმომადგენელი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან, (საქართველო, ლატვია, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი) რაც კიდევ უფრო მრავლისმომცველს და განსაკუთრებულს ხდიდა პროექტს. პირველი რამდენიმე დღე ერთმანეთის გაცნობამ და ტრენინგებმა მოიცვა, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დავამყაროთ სწორად კომუნიკაცია ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან. ტრენინგების შემდეგ თავად გავხდით ლატვიის რამდენიმე ქალაქის სხვადასხვა ბანაკის ორგანიზატორები, ჩვენი მთავარი მოვალეობა მათთვის პროექტების დაგეგმვა იყო, რომელიც ითვალისწინებდა არაფორმალურ განთლებას. ლატვიელი და, მათ შორის, უკრაინელი ახალგაზრდებისათვის ვგეგმავდით ინფორმაციულ და კულტურულ ტრენინგებს, თამაშებს, პრეზენტაციებსა და ვორქშოფებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა საკმაოდ რთულია, მათ მაინც ვასწავლეთ რამდენიმე ფრაზა, ხოლო კულტურული საღამოებით გავაცანით ჩვენი ქვეყანა და ტრადიციები, ისევე როგორც ჩვენ გავიცანით მათი. ამავდროულად, ჩვენი მრავალფეროვანი გუნდი გეგმავდა ლატვიის ქალაქებისათვის ღონისძიებებს, ყველანი მაქსიმალურად ვიყავით ჩართულნი, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან.
ორთვიანი თანაცხოვრების შემდეგ ბევრი გავიგეთ ერთმანეთის ტრადიციებისა და ცხოვრების სტილის შესახებ, აღმოვაჩინეთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვისწავლეთ ერთად მუშაობა და სირთულეების მარტივად, ორგანიზებულად და გუნდურად მოგვარება. აღმოვაჩინე თუ რამდენად საინტერესოა იცხოვრო და კომუნიკაცია დაამყარო ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ აერთიანებთ საერთო კულტურა, რელიაგია და ღირებულებები. ერასმუსის გაცვლითი პროექტები კი გაძლევს შანსს, რომ მთელი ევროპის მასშტაბით გაეცნო ყოველივე აღნიშნულს, ამასთანავე ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობას გთავაზობს, გახდე დამოუკიდებელი, იმოგზაურო ბევრი, განავითარო პროფესიული თუ პიროვნული უნარები და შეიძინო მეგობრები, ხოლო უკან უამრავი დაუვიწყარი მოგონებით დაბრუნდე.
ჩემთვის ლატვიაში მიღებული გამოცდილება მართლაც შესანიშნავი, ემოციებით და თავგადასავლებით აღსავსეა, რამაც კიდევ უფრო შთამაგონა ჩავრთულიყავი ბევრ აქტივობაში და გავმხდარიყავი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ვფიქრობ, რომ ჩემმა მოლოდინებმა გაამართლა და იმაზე მეტი ვარ დღეს, ვიდრე მანამდე . კარგი შეგრძნებაა, როცა საკუთარ კულტურას სხვა ხალხს უზიარებ, აყვარებ და სურვილს უჩენ მეტი გაიგონ შენი ქვეყნის შესახებ, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც „ჯორჯია“ მხოლოდ აშშ-ს შტატი ჰგონია, შესაბამისად, ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ უფრო აქტიური და მოტივირებული მოქალაქეები გახდნენ, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროექტებში, მიიღონ გამოწვევები და დააგროვონ ბევრი გამოცდილება. წაკითხულსა და გაგონილს კი ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი სჯობს, ამიტომ ნუ იყოყმანებ და თავად გახდი ცვლილება.