ლიზი ჭონქაძე – როგორ უნდა დავამარცხოთ წინა საგამოცდო სტრესი?
თუ ამ სტატიას კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდებზე ძალიან ღელავ და დამშვიდება გჭირდება. გილოცავ, შენ სწორ ადგილას აღმოჩნდი, რადგან მე გასწავლი, როგორ უნდა ებრძოლო შენს თავში მოუსვენარ ფიქრებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ და სულ გამოცდებზე განერვიულებენ.
მე არ გეტყვი, რომ გამოცდები მნიშვნელოვანი არ არის და ამაზე საერთოდ არ უნდა იღელვო, მაგრამ რჩევებს მოგცემ, როგორ გაუმკლავდე იმ ზედმეტ ნერვიულობას, რომელმაც შეიძლება ხელი შეგიშალოს შენი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენაში.
კარგად მოკალათდი და გაიაზრე თითოეული სიტყვა, რომელსაც ახლა წაიკითხავ. თუ მზად ხარ, დავიწყოთ.
- ნუ იჯდები სულ წიგნებში!
რა თქმა უნდა, მეცადინეობის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივა. ნასწავლი მასალა კარგად უნდა გაიაზროს და დაიმახსოვროს შენმა ტვინმა, რასაც სწავლის გარდა აუცილებლად სჭირდება კარგად დასვენება და ცოტა ხნით გონების განიავება. ასე რომ, შეგიძლია ხანდახან წიგნებიდან თავი ამოყო და აკეთო ის, რაც გაბედნიერებს.
- ვინმეს დაელაპარაკე!
თუ კი საგამოცდო ნერვიულობით ტანჯვას მარტო აპირებ, დიდ შეცდომას უშვებ. მეგობართან, მნიშვნელოვან ადამიანთან ან ოჯახის წევრთან საუბარი, როცა შეშფოთებული ხარ, ძალიან დაგეხმარება. მხარდაჭერის გარდა, მათ შესაძლოა შემოგთავაზონ სასწავლო სტრატეგიები ან პრაქტიკული რჩევები, რაც დაგეხმარება, უფრო მოდუნდე და კომფორტულად იგრძნო თავი. ნუ შეგეშინდება სხვა ადამიანებთან საუბარი, რადგან აუცილებლად აღმოაჩენ, რომ სტრესი მხოლოდ შენ არ გებრძვის და ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ.
- გჯეროდეს შენი თავის
როდესაც გამუდმებით ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხშირად გვავიწყდება უკან მოვიხედოთ და დავინახოთ, თუ რამდენად შორს წავედით და რამდენ რაიმეს მივაღწიეთ უკვე. იმის გათვალისწინებით, რომ საგამოცდოდ კარგად მოემზადე, არ უნდა გქონდეს შეშფოთების მიზეზი. როდესაც რამეზე უარყოფით აზრი გაქვს, შეეცადე, შეცვალო იგი პოზიტიურით. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ იფიქრო „თუ 80-დან 75 ქულას მაინც არ მივიღებ, წარუმატებელი ვიქნები“, იფიქრე „რასაც მივიღებ, ვიამაყებ საკუთარი თავით და ვაფასებ იმას, რასაც უკვე მივაღწიე“.
- გადაანაწილე შენი დრო სწორად
ყოველ ღამით, ძილის წინ, წინასწარ დაგეგმე მომდევნო დღის აქტივობები. დროის სწორი მენეჯმენტი დაგეხმარება სტრესის შემცირებაში და მშვიდად ყოფნაში. ასევე, გახდები უფრო ორგანიზებული და თავდაჯერებული. ჰოდა, დღის მანძილზე დრო დაუთმე მეცადინეობას, მეგობრებთან ერთად გართობას და რაც მთავარია, საკუთარ თავს.
- მოუსმინე შენს საყვარელ მუსიკას ხშირად!
თუ კი ძალიან დაიღალე ამდენი მეცადინეობით, ნერვიულობით და გამოცდებზე ფიქრით, უბრალოდ ადექი, შენი საყვარელი მუსიკა ჩართე და იცეკვე! დამიჯერე, 5 წუთიც საკმარისია რომ ენერგიაზე მოხვიდე, ძალები აღიდგინო და ბედნიერად მიუბრუნდე შენს საქმიანობას. მუსიკა ძალიან კარგი დამხმარე ძალაა სტრესთან ბრძოლაში. თუ კი არ იცი, რომელ მუსიკას მოუსმინო, არ გაწვალებ და პირდაპირ ჩემს ფავორიტს მოგაშველებ: https://www.youtube.com/watch?v=5IpYOF4Hi6Q
მართალია, კიდევ ბევრი რჩევა მაქვს სტრესთან დაკავშირებით, მაგრამ დანარჩენს მოგვიანებით გაგიზიარებ. ახლა კი დაგემშვიდობები, წარმატებებს გისურვებ გამოცდებზე და დარწმუნებული ვარ, შენთვის სასურველ შედეგს ზედმეტი სტრესისა და ნერვიულობის გარეშეც მიაღწევ!
ავტორი: ლიზი ჭონქაძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი