შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი).
23-24 ივნისს ფაკულტეტი ესტუმრა ქალაქ ქუთაისს. ზაფხულის სკოლის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გაეცნო მათი სპეციფიკა, გაეღვივებინა ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე ეჩვენებინა მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ არა მარტო სამართლის, როგორც სამეცნიერო დარგის, პროფესიის მნიშვნელობა, არამედ მუშაობის პროცესში გამოემუშავებინათ ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დიდ გამოცდილებასა და გამბედაობას შესძენს მათი ასაკისათვის ნებისმიერი წამოწყებული საქმიანობის ეფექტიანად განორციელებაში.
ჩვენ, მოსწავლეებს ვუზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას პროფესიის სწორად შერჩევის, ჯანსაღი საუნივერსიტეტო ცხოვრების და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული გამოწვევების დაგეგმვაში. ზაფხულის სკოლა შემეცნებით აქტივობებთან ერთად მოიცავდა არაერთ გასართობ აქტივობას.