[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მარიამ ფილიშვილი გაცვლითი პროგრამის შესახებ

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პრიორიტეტულობაზე, სიძლიერეზე, განათლების მაღალი დონისა და მასში არსებულ შთამბეჭდავ  გარემო ფაქტორებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან აღნიშნული ისედაც ტრუიზმია. სწორედ ამ კრიტერიუმებმა განაპირობა ჩემ მიერ ამ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა, გარდა ამისა, იმ შიდა გრანტებმა, რომელიც გაიცემა ოქროს მედალოსანი სტუდენტებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური შესაძლებლობა 1 სემესტრის განმავლობაში (2018 წლის ზამთრის სემესტრი) მიმეღო განათლება პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, ამასთანავე განვვითარებულიყავი როგორც პიროვნული, აგრეთვე პროფესიული თვალსაზრისით; მიმეღო და გადამელახა ის გამოწვევები, რაც თან სდევს უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე არ მქონია კულტურული შოკი საზღვარგარეთ ცხოვრების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამას იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ მარტივი არის ინტეგრირება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მათი მეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ სოციუმთან მიმართებითაც, რომელმაც მიგვიღო და შეგვიყვარა.

ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, სწავლების მაღალი დონე და სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი თუ გარემო. ჩვენ არც ერთი ლექცია არ გვქონია მონოლოგის რეჟიმში, არამედ თითოეული აკადემიური საათი იყო ინტერაქციული, რაც გვიღრმავებდა პრაქტიკულ გამოცდილებას. საკმაოდ აქტიური სემესტრი მქონდა, შევხვდი ჩინელ დელეგატებს პირველ პოლონურ-ჩინურ კონფერენციაზე, სადაც ვიღებდი მონაწილეობას და რომელმაც საკმაოდ დიდი ცოდნა მომცა ევროპის ეკონომიკის სამართალთან დაკავშირებით. აგრეთვე გვქონდა საინტერესო შეხვედრა FBI-ს ყოფილ ადვოკატ Mr. Bryan Schilling-თან და სხვა უამრავი საჯარო ლექცია, თუ აქტივობა.

მომეცა შანსი დამეთვალიერებინა, გამეცნო და შემესწავლა ევროპის წამყვანი ქვეყნების კულტურა. გამოვარჩევდი გერმანიას, რომლის სამოქალაქო კოდექსის გადმომღერებაც გვაქვს ფაქტობრივად დღეს ჩვენს კანონმდებლობაში, კერძო სამართალში; ამრიგად იმ წესების, რეგულაციების, სამართლებრივი ინსტიტუტების, ხალხის მიერ სამართლისა და კანონისადმი დამოკიდებულების აღქმისა და შეფასების შესაძლებლობა მომეცა რეალურად არსებულ გარემოებებში. ვიმოგზაურე 5 ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა ჩემი ენობრივი კომპეტენციები, გამხადა უფრო კომუნიკაბელური, მასწავლა ისეთი პრობლემებისა და სირთულეთა გადაჭრა/აღმოფხვრა, როგორიცაა დამოუკიდებლად მოგზაურობა უცხო ქვეყანაში, საკუთარი სუსტი თუ ძლიერი მხარეების აღმოჩენა, კომუნიკაცია და ინტეგრაცია.

ამ ერთი სემესტრის განმავლობაში გამოცდილებისა და განათლების მიღებასთან ერთად შევიძინე სიმდიდრე, რომელსაც მეგობრები ჰქვია როგორც უცხოელი, აგრეთვე მშობლიური ქვეყნიდან. გაცვლითი პროგრამა პოლონეთში არ მახსენებს არანაირ ანქსიოგენურ შემთხვევებს, პირიქით ეს იყო საკმაოდ აქტიური, საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე პერიოდი, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში.