გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საკმაოდ დიდი შესაძლებლობებს აძლევს გაეცნონ საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გახდნენ კიდევ უფრო დამოუკიდებელნი, ამასთანავე, დარწმუნდნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და შეადარონ საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამა სხვა ქვეყნის პროგრამებს. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ქრისტინე უბილავას ესაუბრა, რომელიც მოგვიყვება პოლონეთში მიღებული გამოცდილებისა და საკუთარი ემოციების შესახებ.
პირველ რიგში, მოგვიყევი როდის გადაწყვიტე საზღვარგარეთ წასვლა და რამდენად შეგიწყო უნივერსიტეტმა ხელი?
მეორე კურსის მეორე სემეტრში დავიწყე მზადება გაცვლითი პროგრამისთვის. მზადება რამდენიმე ეტაპისგან შესდგებოდა, თითოეულ ეტაპს კი თავისი სირთულე გააჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი სანამ სასიხარულო ამბავი არ შემატყობინეს, ის, რომ ჩემს ოცნებას სულ მალე ფრთები შეესხმებოდა და მე შევძლებდი ახალი გამოწვევების წინაშე დავმდგარიყავი.
აბიტურიენტობის პერიოდიდანვე ჩემთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომცემდა ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა ურთიერთშეჯერებითაც მე შევძლებდი მომეხდინა ჩემი მიზნის რეალიზება რეალურად და ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილად. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან. უაღრესად დიდ მნიშნვნელობას ატარებს ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის მაღალ დონეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ რომ გაცვლითი პროგრამით განათლების მიღება წარმოადგენს. თავიდანვე მქონდა გაანალიზებული, რომ კონკურენტუნარიანად ყოფნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამისთვის მომიწევდა გავსცდენოდი საქართველოს ფარგლებს, რადგან დამატებით მიმეღო საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლება. ამ ყოველივეში ხელი კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაქსიმალურად შემიწყო.
შეინიშნება თუ არა განსხვავება ინფრასტრუქტურის მხრივ?
განსხვავება ინფრასტრუქტურის მხრივ, რა თქმა უნდა, შესამჩნევია. დავიწყოთ იმით, რომ ლოძის უნივერსიტეტში თითოეულ ფაკულტეტს თავისი კამპუსი აქვს, რომელიც არის უაღრესად მოდერნიზებული. თვალშისაცემია სტუდენტებზე მორგებული გარემო, რის საფუძველზეც ნებისმიერი გაცვლითი პროგრამის სტუდენტისთვის გარემოსთან ადაპტირება უფრო და უფრო მარტივი ხდება.
რას გვეტყვი სწავლის პროცესსა და ხარისხზე? შეინიშნება თუ არა განსხვავება ლექციების მიმდინარეობებს შორის?
ქართულსა და პოლონური განათლების სისტემებს შორის რიგ მსგავსებებსა და განსხვავებებს ვხვდებით. დავიწყებ მსგავსი ფაქტორებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ისევე როგორც ლოძის უნივერსიტეტში გვასწავლიან მაღალკვალიფიციური, თავიანთი საქმის პროფესიონალი, კომუნიკაბელური, მეგობრული ლექტორები, რომლებიც მუდამ მზად არიან ნებისმიერ საკითხში გაგიწიონ დახმარება და არა მხოლოდ „სტუდენტურ-ლექტორული“ რჩევები მოგვცენ, არამედ ცხოვრებისეული, რომელიც, ჩემი აზრით, აგრევე ძალიან დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფსიქიკის ფორმირებაში. რაც შეეხება განსხვავებებს, ლოძის უნივერსიტეტში ლექტორები, ფაქტობრივად, ფასილიტატორების როლს ასრულებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ ლექციას დისკუსიის სახე მისცენ, რაც აქტიური ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის სტიმულს გვაძლევს. ყველა ლექტორი მზადაა ნებისმიერ დროს დაგეხმაროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოგახვევენ საკუთარ აზრს, რადგან მათთვი სყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. სემინარებსაც სწორედ ამგვარი სახით ვაბარებდით ლექტორებს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვეცნობით, თვითონვე ვახდენთ წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას და ლექციაზე კი ლექტორი მოდერატორის მსგავსად დისკუსიას ისეთნაირად წარმართავს, რომ ყველა სტუდენტს მოანაწილეობის სურვილი უჩნდება.
მახსოვს ერთ-ერთი ზეპირი გამოცდის შემდგომ ბატონმა Jacek Chlebny-იმ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლავთ პოლონეთში, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა მის სალექციო კურსში აქტიური ჩართულობისთვის. ამ ფაქტმა უაღრესად გამაოცა, ვინაიდან მსგავს ფაქტს საქართველოში არ შევსწრებივარ და გამახარა, რადგან დავრწმუნდი იმაში, რომ შრომა ადრე თუ გვიან ყოველთვის დაგიფასდება, მთავარია ამისთვის მაქსიმალურად დაიხარჯო. აგრეთვე გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ცდილობდა უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს ყველანაირ აქტივობაში მიეღო მონაწილეობა. მონაწილეობა მივიღე არაერთ კონფერენციაში, ტრენინგში, საჯარო ლექციებში, რომელშიც მიღებული გამოცდილებით შევძლებ დასახული სხვა მიზნების რეალიზებას.
ორიოდე სიტყვით მოგივყევი შენს სამომავლო გეგმებზე
დღევანდელი გადმოსახედიდან, გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის დრო მომცემს შესაძლებლობებს თავი დავიმკვიდრო შრომის ბაზარზე, როგორც დამოუკიდებელმა, კონკურენტუნარიანმა, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურმა პიროვნებამ. ვფიქრობ ზემოხსენებული უნარები და გამოცდილება ძალიან დამეხმარება ჩემი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. მინდა გავხდე მაღალკვალიფიცური, საკუთარი საქმის პროფესიონალი იურისტი, რომელიც შეძლებს დასახულ მიზანს ყოველთვის პირნათლად მიაღწიოს, მიუხედავად დიდი შრომისა და გარჯისა. ვინაიდან წარმატების მიღწევა შეუძლებელია ეკალ-ბარდიანი გზის გაუვლელად.