[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ანა ღამბაშიძე

სამართლის ფაკულტეტი

ანა ღამბაშიძე ( სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, 2016წ)

მეორე კურსზე ვსწალობდი, როდესაც #იბსუმ საშუალება მომცა განსხვავებული რაკურსით ჩავრთულიყავი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ერთი წლის განმავლობაში სტაჟირება გავიარე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალვრო პროგრამის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული სამართლის პროგრამაზე განხორციელებული პროექტების დაგეგმვის პროცესში და წარმოვადგენდი სტუდენტთა ინტერესებს პროგრამის შემდგომი განვითარებისა და დახვეწის მიზნით. უნივერსიტეტის დახმარებით, 2015 წელს მონაწილეობა მივიღე სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში და ვმუშაობდი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში, ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილებაში. სახელმწიფო პროგრამის სამთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, იურიდიული საქალაქო სამსახურის შემოთავაზებით დამატებით 3 თვით განვაგრძე სტაჟირების ვადა, თუმცა მალე შემოთავაზება მივიღე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლისა და სამართლისა და ეკონომიკის ევროპული სამაგისტრო პროგრამებისგან. ამ უკანასკნელის ფარგლებში, საშუალება მომეცა მესწავლა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტსა და ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამჟამად ვმუშაობ სამაგისტრო ნაშრომზე, რომელიც ევროკავშირში არსებული სამომხმარებლო დაცვის მექანიზმების სამართლებრივ-ეკონომიკურ შეფასებასა და ქართულ კანონმდებლობაში მათი გადმოღების მნიშვნელობას წარმოადგენს.

აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიციურობისა და უნივერსიტეტის რეიტინგის გარდა, #იბსუ მომავალ სტუდენტებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს, სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა. აბიტურიენტობისას მონაწილება მივიღე #იბსუს ოლიმპიადაში, რომლის საშუალებითაც მოვიპოვე უნივერსიტეტის შიდა გრანტი. ამასთან, სტუდენტებზე მორგებულმა მულტიკულტურულმა გარემომ, მრავალფეროვანმა აქტივობებმა და გაცვლითმა პროგრამებმა #იბსუზე შემაჩერებინა არჩევანი.

#იბსუმ მომცა შესაძლებლობა, მესწავლა ძალიან კვალიფიციური ლექტორებისგან, რომლებიც მოწინავენი არიან საკუთარ სფეროში. ამასთან, თანამედროვე ბიბლიოთეკასა და ინფრასტრუქტურასთან წვდომამ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა.

მიმაჩნია, რომ #იბსუმ მომცა ღრმა საბაზისო ცოდნა, რომელიც დამეხმარა სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში და მჯერა, არაერთხელ დამეხმარება შემდგომ ნაბიჯებში. უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ მხოლოდ მუდმივი განვითარება გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ვფიქრობ, რომ #იბსუში არსებულ საერთაშორისო გარემოს დიდი წვლილი მიუძღვის სტუდენტებისთვის ფართო თვალსაწიერის ჩამოყალიბების პროცესში.

მჯერა, რომ პროფესიის არჩევისას აუცილებელია ადამიანმა სწორად შეაფასოს, რამდენად სურს და მზად არის, შეეჭიდოს ყველა იმ სიძნელეს, რომელიც კონკრეტულ პროფესიას ახლავს თან და აირჩიოს ის გზა, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო და ახლოა. მიუხედავად ამჟამად არსებული პოპულარული პროფესიებისა, ვფიქრობ, წარმატება და კონკურენტუნარიანობა მხოლოდ იმ სფეროში მიიღწევა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის არის სასურველი.

თუ გსურთ, გქონდეთ ძალიან მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ისწავლოთ საერთაშორისო, მუდმივად განვითარებად გარემოში, გყავდეთ კვალიფიციური ლექტორები, გქონდეთ წვდომა თანამედროვე მასალებთან და ყოველივე ამის პარალელურად, ხვდებოდეთ, რომ უნივერსიტეტისთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, მოდით #იბსუში!