[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ქრისტინე უბილავა – გაცვლითი პროგრამის შესახებ

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

2018 წელს მომეცა შესაძლებლობა ამეხდინა ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება, რასაც საზღვარგარეთ განათლების მიღება ერქვა, და სწავლების ნახევარი სემესტრი გამეტარებინა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული უნივერსიტეტი პოლონეთში. სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი განათლების მიღება ევროპული სტანდარტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ჩემს ცხოვრებისეულ მიზანს სკოლის პერიოდიდანვე წარმოადგენდა ევროპული განათლების მიღება, ვინაიდან მჯერა იმის, რომ ახალგაზრდებმა კარიერაზე ზრუნვა უშუალოდ სწავლის პირველივე ეტაპებიდან უნდა დაიწყონ და ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენონ დასახული მიზნის მისაღწევად. თავიდანვე მქონდა გაანალიზებული, რომ კონკურენტუნარიანად ყოფნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამისთვის მომიწევდა გავსცდენოდი საქართველოს ფარგლებს, რადგან დამატებით მიმეღო საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლება. აბიტურიენტობის პერიოდიდანვე ჩემთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომცემდა ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა ურთიერთშეჯერებითაც მე შევძლებდი მომეხდინა ჩემი მიზნის რეალიზება რეალურად და ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილად. მეორე კურსის მეორე სემეტრში დავიწყე მზადება გაცვლითი პროგრამისთვის. მზადება რამდენიმე ეტაპისგან შესდგებოდა, თითოეულ ეტაპს კი თავისი სირთულე გააჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი სანამ სასიხარულო ამბავი არ შემატყობინეს, ის, რომ ჩემს ოცნებას სულ მალე ფრთები შეესხმებოდა და მე შევძლებდი ახალი გამოწვევების წინაშე დავმდგარიყავი.

ლოძის უნივერსიტეტში ლექტორები, ფაქტობრივად, ფასილიტატორების როლს ასრულებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ ლექციას დისკუსიის სახე მისცენ, რაც აქტიური ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის სტიმულს გვაძლევს.  აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, თუ როგორ დამეხმარა IBSU-ში მიღებული გამოცდილება თავი დამემკვიდრებინა სრულიად უცხო გარემოში. ლექციების პირველივე კვირებიდან შეჩვეული ვიყავი აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, უბრალოდ არ შემეძლო არ მიმეღო მონაწილეობა სალექციო კურსში.შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლექტორებიც კი გაოცებულნი იყვნენ ქართველი ბავშვების ამგვარი აქტიურობით,  მახსოვს ერთ-ერთი ზეპირი გამოცდის შემდგომ ბატონმა Jacek Chlebny-იმ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლავთ პოლონეთში, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა მის სალექციო კურსში აქტიური ჩართულობისთვის.მონაწილეობა მივიღე არაერთ კონფერენციაში, ტრენინგში, საჯარო ლექციებში, რომელშიც მიღებული გამოცდილებით შევძლებ დასახული სხვა მიზნების რეალიზებას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის დრო მომცემს შესაძლებლობებს თავი დავიმკვიდრო შრომით ბაზარზე, როგორც დამოუკიდებელმა, კონკურენტუნარიანმა, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურმა პიროვნებამ.