შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი).
ზაფხულის სკოლის მიზანია არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, გაუღვივოს ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე აჩვენოს მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.
ამისათვის, ზაფხულის სკოლაში ინტერაქტიულ ლექციებს (მოსწავლეების მიერ შერჩეულ თემაზე) უძღვებიან სამართლის ფაკულტეტის პროფესორების მიერ მომზადებული მაღალი აკადემიური შედეგების მქონე მეოთხე კურსის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ არა მარტო სამართლის, როგორც სამეცნიერო დარგის, პროფესიის მნიშვნელობა, არამედ მუშაობის პროცესში გამოიმუშაონ ის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დიდ გამოცდილებასა და გამბედაობას შესძენს მათი ასაკისათვის ნებისმიერი წამოწყებული საქმიანობის ეფექტიანად განორციელებაში.
ჩვენ, მოსწავლეებს ვუზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას სწორი პროფესიის არჩევის, ჯანსაღი საუნივერსიტეტო ცხოვრების და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული გამოწვევების დაგეგმვაში. ზაფხულის სკოლა შემეცნებით აქტივობებთან ერთად მოიცავს არაერთ გასართობ აქტივობას.