იყო მართალი არ ნიშნავს, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალ
19-28 აპრილს ტაბითა ვან დენ ბერგი მოწვეული ლექტორის სტატუსით სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. დაახლოებით ათი წლის წინად ის ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა პროექტზე, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყოველ წელს სტუმრობს ქალაქს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად, აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო პროფესიული კუთხით დაბრუნება.
მედიაცია, როგორც სასამართლოს ალტერნატივა
ტაბითა ვან დენ ბერგი არის სამართლის აკრედიტებული მედიატორი ნიდერლანდებში და ეხმარება მხარეებს, მოაგვარონ შრომითი დავები მცირე და საშუალო საწარმოებში. მას აქვს თავისი ბიზნესი და არის ამსტერდამის სასამართლოს წამყვანი მედიატორი. მას მტკიცედ სწამს მედიაციის, როგორც პრობლემის გადაჭრის გზის, ყველა სამართლებრივ საკითხში. მედიაცია არის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელსაც ხელს უწყობს ნეიტრალური პირი – მედიატორი. ეს არის ალტერნატივა ხანგრძლივი და ხშირად ძვირადღირებული და საფრთხის შემცველი ოპონენტის სასამართლომდე მიყვანის პროცესისა. ასევე, სასამართლო პროცესამდე მედიაციის გამოყენება, მორიგების საშუალებას აძლევს მხარეებს და მაშასადამე, არის გზა, რომ ისედაც გადატვირთულ სასამართლო სისტემას შეუმსუბუქდეს სამუშაო, რაც გამოწვევის წინაშე დგას ნიდერლანდებშიც.
მედიაცია: რის შესახებაა ის?
მედიაცია არის მოხალისეობრივი პროცესი, რომელიც მხარეებისგან მოითხოვს, რომ თვითონ იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ ისხდნენ და ელოდნენ სხვას, რომ მათ შორის კონფლიქტი მოაგვაროს. გარდა ამისა, მედიაცია არის პროცესი, რომლის დაწყებამდეც მხარეები ხელს აწერენ კონფიდენციალურობის შეთანხმებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უფრო ღრმად გამოიკვლიონ თავიანთი დავა და უფრო ღიად ეძიონ გამოსავალი, ისე რომ არ ეშინოდეთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც მოლაპარაკების პროცესში გაამჟღავნებენ მედიისთვის გახდება ცნობილი ან მომავალში სასამართლო პროცესზე გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით არ დასრულდება.
მედიაციის უპირატესობები
მედიაცია უფრო კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა და მხარეებს სთავაზობს რომ გადაწყვიტონ არამარტო სამართლებრივი პრობლემა, არამედ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა მოლოდინები მათი საქმიანობისგან, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, შელახული რეპუტაცია (ან სამომავლო ზიანისგან თავის არიდება) და ა.შ. საკითხები, რომლებიც ხშირად კონფლიქტის საფუძველია. იშვიათად ხდება, რომ მხარეებს მხოლოდ ფულის ან სუფთა სამართლებრივი პრობლემის გამო ჰქონდეთ დავა. მედიაციაში მხარეები პასუხისმგებელნი არიან დავის შინაარსზე, მედიატორი კი მხოლოდ იმაზეა პასუხისმგებელი, რომ დასვას სათანადო კითხვები, რათა მხარეებს დაეხმაროს გაიგონ ერთმანეთის პოზიციები, საჭიროებები და ინტერესები.
უნარები თეორიების საპირისპიროდ
ტაბითა ვან დენ ბერგმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო სამართლის ბაკალავრიატისა და საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ესწავლებინა. გარდა თეორიისა, მათ შეისწავლეს ერთმანეთის შეხედულებები კონფლიქტზე, რომელიც იშვიათადაა მხოლოდ ფულთან ან სამართლებრივ საკითხთან კავშირში.