სიახლეები
- 10/12/2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.
715 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს, ანუ, პირველკურსელთა მიღების შეზღუდვიდან 6 დღეში გადაიხადა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს.
22 ოქტომბერს შეწყდა საგადასახადო დავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია. სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.
შავი ზღვის უნივერსიტეტი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა სამინისტრომ დაუშვას სტუდენტთა სპეციალური მობილობა. მობილობის შედეგად კი უნივერსიტეტი მოახერხებს იმ პირველკურსელთა დაბრუნებას, რომლებსაც განაცხადში, პირველ სასწავლებლად მონიშნული ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტი.