პროგრამის მიზანი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
- შესძინოს სიღრმისეული ცოდნა სამართლის არსის, სისტემის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლებრივი სისტემების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, რომის სამართლის წყაროებისა და ძირითადი ინსტიტუტების, იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) საქმიანობის ეთიკური პრინციპების, იურიდიული პროფესიების ზნეობრივი ასპექტების, ასევე საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიების, პრინციპებისა და მოწესრიგების თავისებურებების, მათ შორის სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზების, ძირითადი მახასიათებლებისა და მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზების თაობაზე;
- გამოუმუშავოს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ამოცნობის, უახლესი სამართლის მეთოდების გამოყენებით მათი გადაწყვეტის შესაბამის გზების შემუშავების, ასევე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ზეპირი და წერითი ფორმით საკუთარი პოზიციების/დასკვნების დასაბუთების უნარი;
- გამოუმუშავოს იურიდიული ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, საპროცესო და სამართალშეფარდებითი აქტების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;
- გამოუმუშავოს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელებისა და სხვა იურიდიული ამოცანების გადაწყვეტის უნარი;
- გამოუმუშავოს სამართლებრივი დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის, სამართლებრივი დავის გადაწყვეტის გზების შემუშავების, ასევე დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით საკუთარი პოზიციების დასაბუთების უნარი;
- გამოუმუშავოს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში მოქმედების, ასევე შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვითა და სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით მოქმედების უნარი;
- გამოუმუშავოს საჭირო ინფორმაციის, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროების, საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, სამეცნიერო სიახლეების მოძიების, გამორჩევის და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
სწავლის შედეგები
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
1. აღწერს:
- სამართლის არსს, სისტემას, ძირითად პრინციპებს, სამართლის ფუნქციებს, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებსა და სტადიებს, განმარტების მეთოდებს, სამართლის ნორმის სახეებს, ქართული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებსა და ინსტიტუტებს; განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, სამართლის ნორმის შეფარდების სტადიებს, სამართლებრივ სისტემებს, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს, ძველი ქართული სამართლის დარგებსა და ინსტიტუტებს, ასევე რომის სამართლის წყაროებსა და ძირითად ინსტიტუტებს;
- სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებს, ეროვნული მოდელის თავისებურებებს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების საკითხებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმის თავისებურებებს, ადმინისტრაციული სამართლის ძირითად პრინციპებს, საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებს, საჯარო მმართველობის პრინციპებს, საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ფორმებს, ადმინისტრაციული წარმოების სახეებსა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს; განსაზღვრავს საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული დავების წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებს, მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებს, სტადიებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებს, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის თავისებურებებს;
- კერძო სამართლის სისტემას, სამოქალაქო სამართლის მიზნებს, ამოცანებს, სამოქალაქო სამართლის უზოგადეს ცნებებსა და პრინციპებს, სამოქალაქო სამართლის წყაროებს, სანივთო სამართლის სისტემას, პრინციპებს, სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალის მიზნებს, ამოცანებს, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების თავისებურებებს, შრომის სამართლის წყაროებს, შრომითი ურთიერთობის პრინციპებს, შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, სამოქალაქო დავების წარმოშობის მიზეზებს სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებებს, საკორპორაციო სამართლის სისტემას და წყაროების, ქართული საკორპორაციო სამართლის ძირითად ინსტიტუტებს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმებსა და მათ დამახასიათებელ ნიშნებს;
- დანაშაულის არსს, სახეებს, სასჯელის სისტემას; განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, ასევე სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის თავისებურებებს;
- საერთაშორისო საჯარო სამართლის სისტემას, ძირითად პრინციპებს, ინსტიტუტებს; განსაზღვრავს საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობების მექანიზმებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობის საკითხებს, ევროკავშირის სამართლის ძირითად პრინციპებს, სისტემას, წყაროებს, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტების ფუნქციებს;
- იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) პროფესიული საქმიანობის ეთიკურ პრინციპებს.
უნარები:
2.ამოიცნობს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს და უახლესი სამართლის მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს;
3. იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ასაბუთებს სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ საკუთარ პოზიციებს/დასკვნებს, ზეპირი და წერითი ფორმით;
4. შეიმუშავებს სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, სამართალშეფარდებითი აქტების, საპროცესო დოკუმენტების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების პროექტებს;
5.შეიმუშავებს კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებს, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
6. კრიტიკულად აანალიზებს საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, წყაროებს, მეთოდებს, აფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ახორციელებს კონკრეტულ იურიდიულ მოქმედებებს და წყვეტს სხვა იურიდიულ ამოცანებს; მოიძიებს და გამოარჩევს საჭირო ინფორმაციას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს.
7. შეიმუშავებს სამართლებრივი დავის/საქმის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას, სამართლებრივი დავის/საქმის გადაწყვეტის გზებს, ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს, დავის/საქმის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
8. ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, მოქმედებს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების, სამართლებრივი ღირებულებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით;
9. ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს, „მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). ამასთან, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტისთვის მესამე სავალდებულო-არჩევით საგანად განსაზღვრულია გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში ან სამოქალაქო განათლებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით.
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დასაქმების სფერო და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშავოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული იურიდიული საქმიანობის განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
- საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
- სასამართლო ორგანოებში;
- სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
- საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;
- კერძო სამართლის იურიდიულ პირებში;
- არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, მათ შორის საერთაშორისო და უფლებადამცავ ორგანიზაციებში;
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია განახორციელოს საადვოკატო, სანოტარო ან საარბიტრაჟო საქმიანობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია სწავლა განაგრძოს საქართველოს ან სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართლის მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტისა და მკვლევარის მომზადებაზე.
კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე, თუ ამ პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ არის შეზღუდული სხვა სპეციალობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4590 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი
ელ-ფოსტა: lawfaculty@ibsu.edu.ge; kkokrashvili@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
ოთახი: # A314
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, #2, 0130 თბილისი, საქართველო