სიახლეები
- 02/10/2024
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ვორქშოფი ჩაატარეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა. ვორქშოფის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ღონისძიება გაიმართა პროექტის – „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში“ – ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), ავსტრიის წითელი ჯვარი (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC). ტრენინგზე სპიკერებმა განიხილეს თემები, როგორიცაა გეგმური და არაგეგმური ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოწვევები, ვაქცინაციის შესახებ არსებული მცდარი შეხედულებების გაქარწყლება.
ტრენინგის ბოლოს გამოცხადდა დახურული კონკურსი დამსწრე სტუდენტებისათვის. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ და 30 ნოემბრამდე საკონკურსოდ უნდა წარადგინონ ჟურნალისტური მასალები ვაქცინაციის შესახებ. საუკეთესო ჟურნალისტური მასალებისათვის გათვალისწინებულია ფულადი პრიზები. გამარჯვებულ მედია-პროექტებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, 2024 წლის დეკემბერში გამოავლენს.