2016 წლის 14 სექტემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორს ქ-ნ ლორა თორნტონს უმასპინძლა. ქ-ნმა ლორამ სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გამოკითხვები საქართველოში – გამოწვევები და მნიშვნელობა“.
საუბარი შეეხო უმთავრეს პრობლემებს, რომლებსაც მკვლევარები აწყდებიან თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, სხვადასხვა საზოგადოებების დამოკიდებულებას გამოკითხვების მიმართ და ა.შ. როგორც ქ-ნმა ლორამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხვების სწორი ინტერპრეტაცია, რათა სხვადასხვა კვლევებისთვის მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია ეფექტიანად იყოს გამოყენებული.
თავისი მოხსენების შემდეგ ლორა თორნტონმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. სტუდენტებმა მასთან ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოში გამოკითხვების ჩატარების სპეციფიკა სხვა ქვეყნებისგან, როგორ თანამშრომლობს ორგანიზაცია უნივერსიტეტებთან, რა სპეციფიკით მუშაობს გუნდი კრიტიკულ სიტუაციებში და ა.შ.
უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში საპატიო სტუმარს შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ილიას ჩილოღლუ. საჯარო ლექციის ბოლოს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქ-ნმა ბაია ივანეიშვილმა ლორა თორნტონს უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერად გაგრძელდება.