შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს ორი სასარგებლო საქმის ერთდროულად გაკეთების საშუალებას აძლევს – ამ პროგრამაზე მოხვედრით ისინი არა მხოლოდ სასწავლო პროცესის წარმართვას შეისწავლიან, არამედ ინგლისური ენის ცოდნის დონესაც აიმაღლებენ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ამ პროგრამის გავლის შემდეგ პედაგოგობის მსურველი სხვებთან შედარებით ბევრად კონკურენტუნარიანი გახდება, რადგან მათზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა ინგლისურენოვანი სკოლებიდან იქნება.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე EDU.ARIS.GE-ს პროგრამის შესახებ დაწვრილებით ესაუბრა:
ნიკოლოზ ფარჯანაძე: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნულ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზეა. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროგრამა უნიკალურია, რადგან სხვაგან მსგავსი რამ არ ხდება.