2018 წლის 15 ივნისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სტაჟირების კურსის პრეზენტაცია, რომელზეც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა წარმოადგინეს ფაკულტეტის პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც ისინი გადიოდნენ სტაჟირებას. მათ ისაუბრეს როგორც თავიანთ უფლებამოვალეობებზე მიმღებ ორგანიზაციებში, ასევე სტაჟირების პროგრამის გავლის საფუძველზე მიღწეულ შედეგებსა და განვითარებულ უნარებზე. სტაჟირების პროგრამების აღწერის პროცესში წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები: ქალაქ თბილისის საკრებულო, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და ა.შ. სტაჟირების ორგანიზაციებს შორის იყო ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციებიც, როგორიცაა “სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“’ და “ ევროპული საქართველო.
სტუდენტების დიდი ნაწილი სტაჟირებას გადიოდა მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა შორისაა „მშვიდობის კორპუსი საქართველო“, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“, „კავკასიური სახლი,“ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი“, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „საერთაშორისო კვლევების ცენტრი“, „თომას ჯეფერსონის ცენტრი“, „სამოქალაქო ინიციატივების ფონდი“,“ებრაული ახალგაზრდული ფონდი -ჰილელი“, „ჯორჯ მარშალის კურსდამთავრებულთა კავშირი“, „შემოქმედებითი ახალგაზრდობის აკადემია“ და ა.შ.