[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა სკოლის მოსწავლეებისთვის

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

დასრულდა პროექტი „სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა“. საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ციკლი სკოლის მოსწავლეებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საინტერესო პლატფორმის შექმნას მოსწავლეებისთვის საკუთარი ინტერესების განსასაზღვრად და შედეგად, მომავალი პროფესიის ასარჩევად.

პირველი დღე საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნა. მონაწილეებმა მოისმინეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის, ბატონი რამაზ საყვარელიძის საჯარო ლექცია თემაზე „მსოფლიო ლიდერთა პოლიტიკური თამაშები“. დიალოგის რეჟიმში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი მწვავე და აქტუალური კითხვა დაუსვეს სტუმარს. პირველივე დღეს გაიმართა სტრატეგიული ფეისბუქ თამაშის „ტრივიადორის“ მოდიფიცირებული ვერსია, რომლის ფარგლებშიც მეთერთმეტეკლასელებს მოუწიათ საკუთარი ინტელექტის, ფაქტობრივი ცოდნის, ლიდერული თვისებებისა და სხვა უნარების გამოვლენა. დღის ბოლოს შედგა კინოჩვენება. მოსწავლეებმა ორგანიზატორებთან ერთად ნახეს ფილმი „ჯაშუშთა ხიდი“, რომელიც ცივი ომის პერიოდს და ამ პერიოდში საკვანძო სახელმწიფოთა ურთიერთობების სპეციფიკას ეხება.

ეკონომიკისადმი მიძღვნილი დღე გახსნა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბატონმა რომან გოცირიძემ საჯარო ლექციით „ვინ არის ეკონომისტი?“, რომელსაც აქტიური დისკუსია მოყვა და ბატონმა რომანმა მოსწავლეების არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა. დღე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბატონმა გიორგი ბაქრაძემ გააგრძელა. სკოლის მონაწილეებს ის ესაუბრა თემაზე „რატომ არის ეკონომიკა მნიშვნელოვანი?“. სხვადასხვა გასართობი აქტივობების შემდეგ გაიმართა შემეცნებითი თამაში „თავისუფალი საბაზრო სისტემა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ და ჯგუფურად განეხორციელებინათ ყველა ის საბაზრო პრინციპი, რაც თავისუფალ ეკონომიკებს ახასიათებთ საერთაშორისო ვაჭრობისას.

მესამე დღეს ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა მონაწილეებმა მოისმინეს ქ-ნ ია ანთაძის საჯარო ლექცია სახელწოდებით „პროფესია ჟურნალისტი“. მისივე ხელმძღვანელობით მათ ნახეს სასწავლო ფილმი ჟურნალისტური ეთიკისა და ნორმების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც დაწერეს არგუმენტირებული ესსეები, სადაც უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი სხვადასხვა დილემური შემთხვევების შესახებ.

სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა გაგრძელდა სამართალმცოდნეობისადმი მიძღვნილი აქტივობებით, რომლის ფარგლებშიც საჯარო ლექცია წაიკითხა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ქ-ნმა მადი ჩანტლაძემ. დღე გაგრძელდა სიმულაციური თამაშით „შექმენი საკუთარი უფლებები“.

პროექტის ბოლო დღე საჯარო ადმინისტრირებასა და სახელმწიფო მმართველობას მიეძღვნა. პროგრამის ხელმძღვანელმა ელენე ბენდელიანმა მოსწავლეებს გააცნო ამ ჯერ კიდევ ახალი მიმართულების სპეციფიკა, წარუდგინა მათ საჯარო მოხელის პროფესიის თავისებურებები და მახასიათებლები. თეორიული ცოდნა მონაწილეებმა გადაიტანეს როლურ თამაშში „თბილისის მერია“, რომლის ფარგლებშიც მათ უწყების საჯარო მოხელეების რანგში ქალაქში არსებული არაერთი მწვავე პრობლემის დაყენება და გადაჭრის გზების ძებნა მოუწიათ.

პროექტი დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საერთო შემაჯამებელი ტესტის საფუძველზე თითოეული მიმართულებით გამოავლინა საუკეთესო მონაწილე, ყელა მათგანი თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით და სწავლის გადასახადზე 35 %-იანი ფასდაკლებით დაჯილდოვდა.