ბარბარე ჯანჯალაშვილი ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ, ᲰᲣᲛᲐᲜᲘᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲓᲐ THE GLOBAL UGRAD-ᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲗ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ

გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (ასევე ცნობილი როგორც Global UGRAD პროგრამა) ერთსემესტრიან სტიპენდიებს სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეულ საბაკალავრო სტუდენტებს, რათა ისინი სრული განაკვეთით, არადიპლომირებული სტატუსით სწავლობდნენ, პარალელურად კი ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, პროფესიულ განვითარებასა და კულტურულ გამდიდრებაში.

მე ვარ ბარბარე ჯანჯალაშვილი, 20 წლის სტუდენტი საქართველოდან, შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტის (IBSU) მეოთხე კურსელი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2023 წლის გაზაფხულზე გავხდი Global UGRAD პროგრამის ფინალისტი, რომელიც ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ადმინისტრირებულია ადგილობრივი ამერიკის საელჩოების და World Learning-ის მიერ. ეს პროგრამა მოტივირებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი აკადემიური სემესტრი შეისწავლონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ პროგრამის წყალობით, 2023 წლის აგვისტოში მომეცა შესაძლებლობა გადამეჭრა ოკეანე, რათა აღმოვჩენილიყავი ქვეყანაში, რომელსაც ჩემს ქვეყანასთან ერთი და იგივე სახელი აქვს. ამჟამად ვსწავლობ ჯორჯიის კოლეჯსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში (Georgia College & State University), რომელიც ჯორჯიის საჯარო ლიბერალური ხელოვნების სასწავლებელია, დაარსებული 1889 წელს და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარებული აშშ-ში. ვაგრძელებ სწავლას პოლიტიკურ მეცნიერებებში.

აშშ-ში სტუდენტად ჩამოსვლა ის ოცნება იყო, რომელსაც წლების განმავლობაში ვესწრაფოდი. მიუხედავად იმისა, რომ თავს მზად ვგრძნობდი, სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესთან შეგუება გამოწვევად მექცა. თუმცა, უკვე შეყვარებული ვარ ჩემს უნივერსიტეტზე, სადაც ყველა დეპარტამენტი სტუდენტების ინტერესებსა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ჯორჯიის კოლეჯი მდებარეობს პატარა ქალაქ მილეჯვილში, რომელიც ისტორიული ადგილებით არის ცნობილი, მათ შორის, გუბერნატორის რეზიდენციით. 1803 წელს დაარსებული მილეჯვილი სამოქალაქო ომის პერიოდში ჯორჯიის შტატის დედაქალაქი იყო.

ყოფნა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და ყოფილი დედაქალაქის სტუდენტობა გამოწვევებით აღსავსეა, მაგრამ ამავე დროს საოცრად ამაღელვებელი. IBSU-მ უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ აქ არსებული სირთულეები გადამელახა თავისი სტანდარტებითა და მაღალი საგანმანათლებლო დონით.