სიახლეები

- 15/12/2025
IBSU და ცვიკაუს უნივერსიტეტი: ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ პირველი კურსდამთავრებულები
12 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და დასკვნითი ნაშრომების საჯარო დაცვა აღნიშნა.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდა საერთაშორისო კომისიის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც IBSU-ს, ასევე გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (West Saxon University of Applied Sciences Zwickau) პროფესორ-მასწავლებლები. დაცვის პროცესს ესწრებოდნენ პროგრამის მეორე და მესამე ნაკადის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. დასკვნითი ნაშრომის დაცვები მიმდინარეობდა ჰიბრიდულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო აქტიურ აკადემიურ დისკუსიას. კომისიის შეფასებით, ყველა წარმოდგენილი ნაშრომი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური ხარისხით და უმაღლესი ქულებით შეფასდა.
კურსდამთავრებულებისთვის ღონისძიება საზეიმო ფორმატში გაგრძელდა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გია კავთელიშვილმა, პრორექტორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს მიულოცეს პროგრამის წარმატებით დასრულება და ორი დიპლომის მიღება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიპლომები.
ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ 2020–2023 წლებში შემუშავდა IBSU-სა და ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორობით. 2023 წლიდან პროგრამა უწყვეტად ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც უნიკალური ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აერთიანებს მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პრაქტიკულ ცოდნას.
