სიახლეები

- 11/06/2025
IBSU-ს დელეგაცია დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულს დაესწრო
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი დარა აჰმედი და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი, თამარ მშვიდობაძე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (HTWD) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.
საერთაშორისო კვირეული ეძღვნებოდა კულტურათშორის დიალოგს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უნივერსიტეტის აქტიურ პარტნიორობას. მასპინძელმა უნივერსიტეტმა პარტნიორი 11 უნივერსიტეტიდან მოწვეულ 19 სტუმარს წარუდგინა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის უახლესი რესურსით აღჭურვილი კამპუსები, საინჟინრო და აგრონომიული მიმართულების ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინვენტარი. სტუმრებს ასევე გააცნეს საუნივერსიტეტო ცხოვრება, სწავლების მიდგომები და მეთოდები. ასევე, გიდის თანხლებით დაათვალიერებინეს დრეზდენის ისტორიული ძველი ქალაქი.
კვირის პროგრამა მოიცავდა პრაქტიკაზე ორიენტირებული სემინარებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა კულტურათშორისი კომუნიკაცია, სამეცნიერო კომუნიკაცია და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ფართო კულტურულ პროგრამები და სხვ. სტუმრები დაესწრნენ სხვადასხვა აკადემიური დარგის ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს.
ბიზნესის სკოლის დეკანმა დოქტორმა დარა აჰმედმა, მოლაპარაკებები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანთან პროფესორ დოქტორ შტეფან ჰანდკესთან, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, ჯულიან ტერპესთან, ასევე ქეით ურბან-გრეატორექსთან, ანდრეს ჰაინენთან და სტეფან კუნელთან. მათ ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, აკადემიურ და სტუდენტურ მობილობასა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესახებ.
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მენეჯერი, მოწვეული ლექტორი თამარ მშვიდობაძე შეხვდა HTWD უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის წამყვან პროფესორ-მენტორს მარიო ნოუგებაუერს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს ლიზა ვუნდერლიჰს. მათ დასახეს სამომავლო გეგმები და ისაუბრეს ორ პარტნიოურ უნივერსიტეტს შორის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების სტუდენტთა აქტიურ ჩართულობასა და გაცვლით პროგრამებზე. მომდევნო სასწავლო წლისთვის დაიგეგმა HTWD უნივერსიტეტის პროფესორის მარიო ნოუგებაუერისა და რამდენიმე სტუდენტის ვიზიტი IBSU-ში.