სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. scopus Q1-მა IBSU-ს პროფესორის კიდევ...
  • 08/06/2022

scopus Q1-მა IBSU-ს პროფესორის კიდევ ერთი სტატია გამოსცა

Scopus Q1 -მა გამოსცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის აზერ დილანჩიევის თანაავტორობით სტატია, ფინანსური განვითარებისა და განახლებადი ენერგიების კავშირის შესახებ.

წიაღისეული საწვავი, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. შესაბამისად, აუცილებელია განახლებადი ენერგიის ინიციატივათა რაოდენობის გაზრდა. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ განახლებადი ენერგიის ინიციატივები, საჭიროა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების სინქრონული შეფასება.

კვლევის ფარგლებში ავტორმა განიხილა ფინანსური განვითარების, ეკონომიკური პროგრესის და ენერგომატარებლების ფასების დინამიკა იმ მიზნით, რათა დაედგინა, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ენერგიის მოხმარებაზე. არაწრფივი ავტორეგრესიის განაწილებული შეფერხების მოდელის გამოყენებით გაანალიზდა ფინანსური ინკლუზიის ეფექტი განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე ჩინეთის 30 პროვინციაში 2000 წლიდან 2020 წლამდე. მონაცემებმა აჩვენა, რომ ფინანსური განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე. კვლევის შედეგებმა გვანახა, რომ ფინანსური განვითარების ყოველი 1%-იანი ზრდა განაპირობებს განახლებადი ენერგიის მოხმარების 0,24%-ით ზრდას.

“კვლევის უპირველესი მიზანია შესთავაზოს ჩინეთს განახლებადი ენერგიის ინვესტიციების გაზრდის მეთოდი, რომელიც სოციალურად და ეკონომიკურად ეფექტური იქნება. კვლევა ასევე დაეხმარება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახდენენ ენერგიის იმპორტირებას. შედეგად, გაადვილდება მდგრადობის მიზნების მიღწევა, თუკი დაინერგება მეტი პროექტი განახლებადი ენერგიის კუთხით პანდემიის შემდგომ პერიოდში.”-აღნიშნულია სტატიის აბსტრაქტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით მაღალი ინდექსის მქონე scopus Q1-ის მიერ სტატიის გამოქვეყნება დიდი პატივია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ზოგადად, საქართველოს, აკადემიური საზოგადოებისთვის. “ვულოცავ უნივერსიტეტს და ბატონ აზერს ამ აღიარებას და ვისურვებ მსგავსი წარმატებები მრავლად ჰქონდეს როგორც ჩვენს უნივერსიტეტს, ისე ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.”- განაცხადა რექტორმა.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: