მარიამ მალაზონია | სიასის უნივერსიტეტი
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი მარიამ მალაზონია, რომელიც ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.
“საზაფხულო ბანაკმა ჩინეთში იმაზე მეტი გამოცდილება და სიყვარული მაჩუქა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისა და ჩინური ენით დაინტერესებული ადამიანისთვის ბანაკში მონაწილეობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მონაწილეობა მივიღე სიას უნივერსიტეტში გამართულ საზაფხულო ბანაკში, სადაც დავაგროვე უდიდესი გამოცდილება არა მხოლოდ პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, არამედ პროფესიულადაც. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტისა და ჩინური ენით დაინტერესებული პიროვნებისათვის ხსენებული ბანაკი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ არსებული პროგრამა საკმაოდ ორგანიზებული და მრავალფეროვანი იყო. მთელი კვირის მანძილზე გვიტარდებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები, ჩინური ენის, კულტურის, ისტორიისა და ეკონომიკის შესახებ ლექციები, ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები, სადაც ყოველი ქვეყანა თავისი ტრადიციული სამოსით იყო წარმოდგენილი, გარდა ამისა, ჩატარდა ჯენჯოუს ტური და მოვინახულეთ მუზეუმი და შაოლინის ტაძარი.
ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხე საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერ საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებების შექმნა და ამავდროულად, ჩინელ სტუდენტებთან და კოორდინატორებთან გავდიოდით სასაუბრო პრაქტიკას ჩინური ენის დონის გასაუმჯობესებლად.
საზაფხულო ბანაკმა იმაზე მეტი გამოცდილება და სიყვარული მაჩუქა, ვიდრე ამას თავიდან წარმოვიდგენდი. მადლობა მინდა გადავუხადო IBSU-ს უდიდესი გამოცდილებისა და დაუვიწყარი შესაძლებლობისათვის.”