სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებმა აკრედიტაციის...
  • 16/11/2021

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებმა აკრედიტაციის საბჭოს შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვეს.

შეფასების პროცესში, ხაზგასმით აღინიშნა შემუშავებული პროგრამებისა და სააკრედიტაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის მაღალი ხარისხი, ასევე, პროგრამების განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, დამსაქმებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა.

„სტუდენტების აქტიური ჩართულობა პროგრამის დახვეწასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე ეფექტიანი უკუკავშირი პროგრამისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მოცემული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად გვევლინება.“ -აღნიშნულია აკრედიტაციის ექსპერტების შეფასებაში.

„პროგრამების სააკრედიტაციოდ განახლების პროცესში, შევისწავლეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. შესაბამისად, პროგრამის კურიკულუმის აგებისას, გავითვალისწინეთ ისეთი უნივერსიტეტების პრაქტიკა და გამოცდილება, როგორებიცაა ოქსფორდის, კემრიჯის, სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტები, ლონდონის სამეფო კოლეჯი, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები. პროგრამის შემუშავების პროცესში, აქტიურად მონაწილეობდნენ დარგის პოტენციური დამსაქმებლებიც, რათა უზრუნველყოფილი იყოს კურსდამთავრებულების მიერ იმ ცოდნისა და კომპეტენციების სრულყოფილი ფლობა, რაც მოთხოვნილია თანამედროვე დასაქმების ბაზარზე“ – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, დოქტ. ბაია ივანეიშვილმა.

მისი თქმით, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, აღსანიშნავია, პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ხშირი პრაქტიკა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, პროგრამების ათეულობით კურსდამთავრებული ახერხებს გრანტის მოპოვებასა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას შემდგომ საფეხურზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამები 2011 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, IBSU-ს ეს პროგრამები უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ტრადიციულად ხვდებიან პირველ სამეულში გრანტის მფლობელი ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ ანალოგიურ პროგრამებს შორის.