დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“

დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD). შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოში მოქმედ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორის სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, კონფერენცია ძალზედ საინტერესო და პროდუქტიული იყო, ვინაიდან შეჯამდა პროექტის პერიოდში ჩატარებული საქმიანობები. ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანია პორტალის მნიშვნელობა (GRIS.emis.ge), რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და ხელს უწყობს მასში რეგისტრირებული დაწესებულებებისა და ქართველ მეცნიერთა და დოქტორანტების სამეცნიერო პროდუქტიულობის შესახებ ხილვადობის ზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული პორტალი უფრო ხელმისაწვდომს ხდის მეცნიერთა შორის საერთო  კვლევებსა და პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობებს.

კონფერენცია გახსნეს: ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროექტის კოორდინატორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნინო ოკრიბელაშვილმა და პროექტის პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.

პროექტი საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაციას, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის ზრდას, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირებას ინსტიტუციურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში შექმნილი საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის – GRIS.emis.ge პორტალი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და  დაინტერესებულ პირებს აცნობს საქართველოს HERD-ის პროექტის პარტნიორი 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათი აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტების სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების, მიმდინარე და განხორციელებული გრანტებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის პორტალი ამჟამად საქართველოში მოღვაწე 5100-ზე მეტი აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დოქტორანტების მონაცემებს აერთიანებს. პორტალი – როგორც საქართველოს ერთიანი ეროვნული სამეცნიერო საინფორმაციო სისტემა, ღიაა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულების ბაზაზე არსებული რესურსებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შემდგომი ინტეგრირებისთვის.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია), რომელიც პროექტში ჩართული იყო კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის ტრენინგების უზრუნველყოფაში; კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), რომელიც ორიენტირებული იყო გამოყენებითი კვლევებისა და ტექ-ტრანსფერის მიმართულებით შესაბამისი საპარტნიორო გამოცდილების გაზიარებაზე და კოტ-დაზურის უნივერსიტეტი  (საფრანგეთი), რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კვლევითი სტრატეგიების შემუშავებასა და ხარისხის მართვაში ეხმარებოდა.