[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკაში სრულიად ევროპის მე-5 ახალგაზრდულ ოლიმპიადში (EJOI’2021) მიიღეს მონაწილეობა

27.08.2021

ევროპის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI’2021) ინფორმატიკაში რუმინეთის მასპინძლობით, ონლაინ ფორმატში, 24-28 აგვისტოს ჩატარდა. ოლიმპიადის ჩატარების ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყო.
ოლიმპიადაში ევროპის 30 ქვეყნის, 15 წლამდე ასაკის, ორასამდე საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველო ოლიმპიადაზე 8 მონაწილით, ერთი ძირითადი გუნდით და ერთი დამატებითი გუნდით, იყო წარმოდგენილი.
გიორგი მანდარია, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: „ასეთი მაღალი დონის სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება, ჩატარება და მათში წარმატების მიღწევა მსოფლიო კომპიუტერული ინტელექტუალური პოტენციალის სხვადასხვა ქვეყანაში განაწილების კარგი ინდიკატორია. იგი ასევე პირდაპირ მიუთითებს ამა თუ იმ ქვეყანაში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დონეზე და ამ სფეროში მის მომავალ შესაძლო პოტენციალზე, რაც უშუალო გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯის შესახებ მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრის ჩამოყალიბებაზე.“
სრულიად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა პირველად 2017 წელს ჩატარდა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში და მასში 22 ქვეყანა მონაწილობდა. საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, ისევე როგორც ყველა მონაწილე ქვეყანა, ოლიმპიადაზე ოთხი მოსწავლით იყო წარმოდგენილი. ოთხივე მონაწილემ მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და ევროპის პირველი ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი, დიდი უპირატესობით, ქართველი მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე გახდა. ევროპის მეორე ოლიმპიადა, 2018 წელს, რუსეთიში ჩატარდა და მასში საქართველოს ნაკრებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო მონაწილეობა არ მიუღია. რიგით მესამე ოლიმპიადიდან კი, რომელიც 2019 წელს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ჩატარდა, ოთხივე ქართველი მოსწავლე ისევ მედლებით დაბრუნდა (1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო). 2020 წელს ოლიმპიადას, ასევე ონლაინ რეჟიმში, საქართველომ უმასპინძლა. ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
2021 წლის სრულიად ევროპის მე-5 ახალგაზრდულ ოლიმპიადას (EJOI’2021) 24-28 აგვისტოს რუმინეთმა უმასპინძლა.